ოჯახის ცნობით, ჰლუნ სოლოს ტაილანდში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გადაასვენებენ

პუბლიკა

საქართველოში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის, ჰლუნ სოლოს (ნამდვილი სახელი: ბოვორნტატ პენგსუკი) ძმა სომსაკ ბუტსრი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტაილანდის საელჩომ უკვე დაასრულა კოორდინაცია საქართველოს შესაბამის უწყებებთან და სავარაუდოდ, მომდევნო კვირის განმავლობაში გადაასვენებენ ცხედარს გარდაცვალების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტაციასთან ერთად.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, მისი თქმით, კვლავ ელოდებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

როგორც ძმა წერს, საქართველოს ადგილობრივმა უფლებამოსილმა ორგანოებმა განმარტეს, რომ აუცილებელია მოგზაურის ყველა ნივთის დროებით დაყადაღება, სანამ ორგანიზმში ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკოლოგიური ანალიზის პასუხები არ გახდება ცნობილი, ვინაიდან, საქმეში ქიმიური ნივთიერებების ან დამატებითი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, სასტუმროს ნომერში არსებული ნივთები შესაძლოა, გამოძიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება იყოს.

„ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები ხელახლა შეაფასებენ ვითარებას და განსაზღვრავენ, თუ რომელი ნივთები დაიტოვონ საქმის გამოძიებისა და მტკიცებულებების სახით და რომელი დაუბრუნდეს ოჯახს.

საელჩო განაგრძობს პროცესის მჭიდრო მონიტორინგს ადგილობრივ უწყებებთან ერთად – მათ შორის პირადი ნივთების სიის დეტალების დაზუსტებას – და სიახლეების შესახებ დაუყოვნებლივ გააცნობებს საზოგადოებას…

ოჯახს კვლავ აქვს სამართლიანობის აღდგენის იმედი და განაგრძობს პროცესის თითოეულ ეტაპზე დაკვირვებას, რათა ჩვენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ სრული სიმართლე დადგინდეს“, – წერს ძმა სოციალურ ქსელში.

ტაილანდელი სოლომოგზაური, იუთუბერი, რომელიც ჰლუნ სოლოს სახელითაა ცნობილი, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 14 ივლისს იპოვეს.

ოჯახმა განაცხადა, რომ მასთან კომუნიკაცია 13 ივლისის შემდეგ ვეღარ მოახერხეს.

27 წლის ჰლუნ სოლოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს, მას შემდეგ გაავრცელა, რაც საკითხით მედია დაინტერესდა. უწყებამ სტანდარტულად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ტაილანდის საელჩო ანკარაში და ჰლუნ სოლოს ოჯახი აცხადებს, რომ მოგზაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მათაც 29 ივლისს მიიღეს.

ახალგაზრდა მოგზაურის გარდაცვალება განხილვადი თემაა ტაილანდურ მედიაში.

შეკითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, 14 ივლისს ცხედრის აღმოჩენის შემდეგ დაუყოვნებლივ რატომ არ დაუკავშირდა ქართული მხარე ტაილანდს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვლილის აღმოჩენის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს 14 ივლისსვე აცნობეს. საგარეო უწყებას ჯერ შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

როგორც ტაილანდური მედია წერს,  ანკარაში ტაილანდის საელჩომ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა, გამოიძიოს, თუ რატომ არ ეცნობა უწყებას ოფიციალურად ტაილანდელი იუთუბერის გარდაცვალების შესახებ უფრო ადრე.

ოჯახს შეკითხვები აქვს საქართველოში მიმდინარე გამოძიებაზეც.

დაუდგენელ ვითარებაში ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო სტანდარტულად გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყებს და გამოძიების ეტაპზე გამოვლენილი გარემოების საფუძველზე უცვლის საქმეს კვალიფიკაციას. ამ მუხლით გამოძიების წარმოება არ ნიშნავს, რომ უწყება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

ჰლუნ სოლოს ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფს და გარემოებათა სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.

ჰლუნის 82 წლის ბებიამ, სომ პლენგსუკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო წუთამდე იტოვებდა იმედს, რომ შვილიშვილი ცოცხალი და უვნებელი იყო და სამშობლოში დაბრუნდებოდა.

ტაილანდური მედიის ცნობით, ბებიამ მკაცრად უარყო ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვერსია სავარაუდო სუიციდის შესახებ. მან შვილიშვილი დაახასიათა, როგორც სიცოცხლით სავსე, კომუნიკაბელური და საყვარელი ადამიანი, რომელსაც არც მტრები ჰყავდა და არც ვინმესთან ჰქონია კონფლიქტი.

ბებიის თქმით, 27 წლის ჰლუნი შემოსავალს ბებიის სახლის გარემონტებას ახმარდა.

საკითხზე განცხადება გააკეთა ტაილანდის ვიცე-პრემიერმა, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამოსვლისას სიჰასაკ ფუანგკეტკეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზზე საბოლოო დასკვნის გამოტანა ჯერ ნაადრევია. მან საზოგადოებას მოუწოდა, ენდონ საქართველოს ოფიციალურ გამოძიებას და თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.

შეკითხვაზე, დაიწყო თუ არა ჰლუნ სოლოს ძებნა დაგვიანებით, იმის გათვალისწინებით, რომ მასთან კონტაქტი რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გაწყვეტილი, სიჰასაკმა განაცხადა, რომ ტაილანდელმა ოფიციალურმა პირებმა მისი გაუჩინარების შეტყობინებისთანავე, დაუყოვნებლივ იმოქმედეს.

ვინ იყო ჰლუნ სოლო

ბოვორნტატ პენგსუკი – სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც ჰლუნ სოლო – 1999 წელს, კალასინის პროვინციის სომდეტის რაიონში დაიბადა.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ჰლუნს მამა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა, დედამ კი მიატოვა, რის შემდეგაც ის ბებიასთან უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდა.

მედია წერს, რომ ჰლუნ სოლომ განათლების მისაღებად ბევრი იშრომა და საბოლოოდ სტიპენდიით პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სტუდენტობისას მუშაობდა და ფულს სამოგზაუროდ აგროვებდა

ჰლუნ სოლომ დამოუკიდებელი, მაქსიმალურად ეკონომიური მოგზაურობა 24 წლის ასაკში დაიწყო. პირველსავე წელს მან 17 ქვეყანა მოინახულა, დროთა განმავლობაში კი ეს რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

მაყურებლები ადევნებდნენ თვალს, როგორ აღწევდა ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ტაილანდელი მოგზაური წასვლას ვერც კი წარმოიდგენდა: სომალში, ავღანეთში (ნურიზტანის შორეულ რეგიონში, სადაც საერთო ტრანსპორტით 48 საათი იმგზავრა), სამხრეთ სუდანსა და სხვა ქვეყნებში. სომალსა და ავღანეთში გადაღებულმა ვიდეოებმა ასეულობით ათასიდან მილიონამდე ნახვა დააგროვა. იგი აჩვენებდა რეალურ ყოველდღიურობას, ადგილობრივ სამზარეულოს, ტრანსპორტირების სირთულეებსა და უბრალო დიალოგებს და არა ლამაზად შეფუთულ კადრებს.

ჰლუნ სოლომ YouTube არხი 2021 წლის დეკემბრის ბოლოს შექმნა. 2026 წლის შუა პერიოდისთვის არხს მილიონზე მეტი გამომწერი და 120 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. უფრო გავრცელებულია მისი Facebook-გვერდი, სადაც 3 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

მედია წერს, რომ ახალგაზრდა კაცი არხიდან მიღებულ შემოსავალს ოჯახის საჭიროებებსა და შემდგომ მოგზაურობებს ახმარდა და ვიდეოების გადაღების შეწყვეტას 4 წელიწადში გეგმავდა. მედიაში გავრცელდა ძველი ისტორია, რომ ჰლუნ სოლო ავღანელ სტუდენტს სწავლის დაფინანსებას დაჰპირდა.

2026 წლის ივლისში ჰლუნი ახალი მასალის გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდა.

გავრცელებული ცნობებით, ის თბილისში 13 ივლსს ღამით ჩამოფრინდა და სასტუმროში დაბინავდა.

სწორედ ამ დღეს დაკარგა ოჯახმა იუთუბერთან კონტაქტი, მეორე დღეს კი პოლიციამ ის ნომერში გარდაცვლილი იპოვა.

ტაილანდურ მედიაში უკვე გაჩნდა სტატიები, უსაფრთხოა თუ არა საქართველოში მოგზაურობა.