„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა

პუბლიკა

„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

2020-2024 წლებში, ლევან ქარუმიძე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. იგი ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

„ლევან ქარუმიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მმართველობით პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პოზიციები  ეკავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებში.

ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც გამორჩეული გასტრონომიული კულტურის მქონე ქვეყნის, პოზიციონირებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

 სსიპ „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს მიზანია, ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირება და განხორციელება.

ლევან ქარუმიძე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ის წილებს ფლობს შპს „კალანდა დეველოპმენტში”, შპს „არსენალი სანაპიროში”, შპს „ლუმინა ეიჯენსიში”, შპს „ლუმინა ისთეითში”, შპს „ლუმინა სოლუშენსში”.