პროკურატურის განცხადებით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კუს ტბის წილების იძულებითი დათმობის მიზნით ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო“.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2008 წელს გიორგი უდესიანი და ბესარიონ ხარძიანი შპს „კუს ტბა კალასა“ და შპს „კუს ტბა პალასის“ პარტნიორები გახდნენ. 2011 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ბესარიონ ხარძიანი, რომელიც პატიმრობის შეფარდების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მოათავსეს. ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილების უკანონოდ დაუფლებისა და შესაბამის ქონებებზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, გიორგი უდესიანმა შეიმუშავა და განახორციელა ძალადობრივი, დანაშაულებრივი გეგმა.
ბრალდებული დაუკავშირდა N8 დაწესებულების იმჟამინდელ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და დაავალა საპატიმრო დაწესებულებაში ბიზნესმენისთვის იმგვარი პირობების შექმნა, რომ ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გამხდარიყვნენ, დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული კუს ტბის წილები.
ბესარიონ ხარძიანის საკანში მოათავსეს ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი ორი პატიმარი, რომლებსაც ალექსანდრე მუხაძისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით იძულებული გაეხადათ ბესარიონ ხარძიანი, დაეთმო კუს ტბის წილები. აღნიშნული პირები, თითქმის ორი თვის განმავლობაში სისტემატურად, ძალადობდნენ მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და აიძულებდნენ, რომ ქონება გიორგი უდესიანის სასარგებლოდ დაეთმო. ასევე, ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხელს უწყობდნენ და უშუალოდ მონაწილეობდნენ N8 დაწესებულების თანამშრომლებიც. ასევე, გიორგი უდესიანმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა ბესარიონ ხარძიანის ძმაზე, გიორგი ხარძიანზე.
საბოლოოდ, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, პატიმარი ბესარიონ ხარძიანი და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ კუს ტბის (შპს „კუს ტბა კალა“ და შპს „კუს ტბა პალასი“) წილები, ვინაიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას ციხეში გაუპატიურება და სიკვდილი ემუქრებოდა. აღნიშნული ქონების ღირებულებამ დაახლოებით 4 000 000 ლარი შეადგინა“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყების ცნობით, სასამართლომ გიორგი უდესიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის და დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა;
ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (წამება, ჩადენილი მოხელის მიერ, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, შეკვეთით) და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ათი წლით და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
49 წლის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. ის 2011 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ბიზნესმენი მტკიცედ უარყოფდა. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ბესიკ ხარძიანი ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ამბობდა, რომ კუს ტბის აქციები მას ციხეში ყოფნის დროს იძულებით დაათმობინეს.
ბიზნესმენის განმარტებით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი უდესიანმა „კუს ტბის” წილი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ის დააკავეს.
ბესო ხარძიანს 2015 წლის 28 მარტს სახლთან ესროლეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მის მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ 2017 წელს ცნო.
ბესიკ ხარძიანის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ფარიდ გურბანოვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ბრალდებულ ოლეგ დოევს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.