დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება გია ბარამიძეზე: პროკურატურის გადაწყვეტილება აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გია ბარამიძის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმიანება. დე ფაქტო უწყება პროკურატურის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.მათი შეფასებით, ეს წარმოადგენს ზეწოლის მცდელობას ქართული საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელმაც ათწლეულების შემდეგ გამოთქვა მზაობა, რომ „ობიექტურად გააანალიზოს წარსულის ტრაგიკული მოვლენები და აღიაროს ჩადენილი დანაშაულები”.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს კომენტარის გაკეთებას საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება მის საჯარო განცხადებებს 1992–1993 წლებში საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის დროს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა გიორგი ბარამიძის განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა 1992–1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოვლენების საჯარო განხილვისას. იმ პერიოდის სამხედრო ტყვეების გაცვლის თემაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ქართულ მხარეს გაცვლის განხორციელება არ შეეძლო, რადგან მას არ ჰყავდა აფხაზი ტყვეები. კერძოდ, მან თქვა: „ჩვენ არ გვყავდა აფხაზი ტყვეები, რადგან ისინი დავხვრიტეთ.“ აღნიშნული განცხადებების შემდეგ, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და დივერსიის მუხლებით.

აშკარაა, რომ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნა მიზნად ისახავს გაფრთხილებას ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებული აგრესიისა და მისი მიმდინარეობისას ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

აფხაზეთის რესპუბლიკა მრავალი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად აცხადებს ამ დანაშაულების აღიარების, მათი ყოვლისმომცველი გამოძიებისა და მათთვის სათანადო საერთაშორისო-სამართლებრივი შეფასების მინიჭების აუცილებლობის შესახებ.

წარსულის მოვლენების კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი გააზრების ნაცვლად, ქართული საზოგადოების ნაწილი კვლავაც უარყოფს ჩადენილ დანაშაულებს და მათ ცინიკურად ანაცვლებს პოლიტიზებული ინტერპრეტაციებით.

თუმცა, ისტორიული სიმართლე სრულად ვერ იქნება დავიწყებული. დროთა განმავლობაში მოვლენების ობიექტურ შეფასებებს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, მათ შორის ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მხრიდანაც, რომელიც მზადყოფნას ავლენს დაშვებული შეცდომების აღიარებისთვის, მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისგან.

საქართველოს გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, რომელიც მიღებულია იმ პირების ინიციატივით, რომლებსაც აფხაზური მხარე აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი დანაშაულების ჩადენაში პასუხისმგებელ პირებად მიიჩნევს, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია.

ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ზეწოლის მცდელობას ქართული საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელმაც ათწლეულების შემდეგ გამოავლინა მზადყოფნა, ობიექტურად გააანალიზოს წარსულის ტრაგიკული მოვლენები და აღიაროს ჩადენილი დანაშაულები.

ისტორიული ფაქტების საჯარო განხილვის შეზღუდვის მცდელობები ვერ შეცვლის ისტორიულ მეხსიერებასა და მომხდარი მოვლენების ობიექტურ შეფასებას.

ასეთი ქმედებები მხოლოდ ადასტურებს, რომ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ძალები არ არიან მზად, ღიად და პასუხისმგებლობით განიხილონ 1992–1993 წლების მოვლენები”- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 7 აგვისტოს, პროკურატურამ გია ბარამიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

უწყების განცხადებით, გამოძიებას საფუძვლად დაედო „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ განცხადება. საქმე ეხება იაგო ხვიჩიას „საქართველოს დაბადებაში“ გია ბარამიძის განცხადებებს აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ.

იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა, რომლის სტუმარიც გია ბარამიძე იყო, 18 ივლისს გამოქვეყნდა. ერთ-ერთი ციტატა, რომლის გამოც გიორგი ბარამიძეს რამდენიმე დღეა, აკრიტიკებენ, ასეთია:

 „აღარ გვაძლევდნენ ისინი ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ხვრეტდნენ. აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია.

[წამყვანი – იქით მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?]

იქ დისციპლინა იყო, იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“, – განაცხადა ბარამიძემ.