სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა. მისი განმარტებით, პროკურატურა 10 თვის განმავლობაში იმიტომ არ ითხოვდა მათ დაკავებას, რომ მტკიცებულებებს აგროვებდა.
პროკურორის თქმით, ფარული საგამოძიებო მოსმენები მიმდინარეობდა ორივე არასრულწლოვანის შემთხვევაში. ქეთევან სონიძის თქმით, ანასტასია ბერუაშვილის შემთხვევაში მოსმენების შედეგად მიღებული ინფორმაცია მტკიცებულებების ნაწილში ინფორმატიული არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ნია იმნაძეს, პროკურორის თქმით, მასთან ფარული მოსმენები ჩატარდა ოქტომბრისა და თებერვლის თვეებში. აქედან ინფორმატიული ხასიათის თებერვალში ჩატარებული ფარული მოსმენები აღმოჩნდა. როგორც პროკურორი ამბობს, მართალია, ჩანაწერები თებერვალშია მოპოვებული, მაგრამ მის გაშიფვრასა და დამუშავებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა სამართალდამცავების მხრიდან.
„ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. წამოდგენილ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა, ასევე ბინის ფარული აღჭურვები და ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად, მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა.
ნია იმნაძე ესაუბრება თავის მამას, ვალერიან იმნაძეს და ოჯახის სხვა წევრებიც არიან ადგილზე და ის განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ ასეც უნდა მოქცეულიყო.
განიხილავდნენ, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა როგორ ჩაიდინა დანაშაული, რომ მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა, თუმცა არასწრულწლოვანი გოგონა ესაუბრება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში ცოტა სხვანაირად ხდება გადაწყვეტილების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი და ასე იმიტომ ფიქრობს და მამა-შვილს შორის მიმდინარეობს კამათი და შეფასება ჩადენილი ქმედებისა ალექსანდრე გაბაშვილის მხირდან” – ამბობს საქმის პროკურორი.
სახელმწიფო ბრალმდებელის თქმით, გიგა ავალიანის მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო შევიწროვების შესახებ ნია იმნაძემ ინფორმაცია მიაწოდა არა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილს, არამედ ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, როგორც მშობლები, ისე კლასის დამრიგებელი.
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მან [ნია იმნაძემ] წააქეზა დანაშაულში ალექსანდრე გაბაშვილი შემდეგი გარემოებების გათალისწინებით. უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია და მისი პიროვნება ანუ ეს არის ე.წ პედოფილებთან მებრძოლი პირი, მას ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა ბრალდება და ამაშიც გამამტყუვნებელი განაჩენი დადგა, დიღმის ძალადობების ნაწილს ვგულისხმობ. ადამიანისთვის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ისედაც ნადირობდა ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროვებდა – ეს ფაქტობრივად წაქეზება იყო”.
ქეთევან სონიძის თქმით, ნია იმნაძემ შესაძლოა უშუალოდ არ იცოდა დიღმის ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებზეც გაბაშვილი გასამართლებულია, თუმცა მას როგორც შეყვარებულს კარგად ეცოდინებოდა მისი პიროვნება.
„შესაძლებელია მან არ იცოდა, მაგარამ ის, რომ ინფორმაცია ექნებოდა აუცილებლად ალექსანდრე გაბაშვილის პიროვნებასთან, მის მიდრეკილებებთან და ინტერესებთან დაკავშირებით, ეს ცალსახაა, ბუნებრივია, რომ სწორედ ალექსანდრე გაბაშვილისთვის გადაწყვიტა, რომ მიეწოდებინა ეს ინფორმაცია”.
მეორე ბრალდებულთან, ანასტასია ბერუაშვილთან მიმართებით, პროკურორი ამბობს, რომ მათ ჰქონდათ არასრულწლოვანის აღიარებითი ჩვენება, სადაც ის თავად ადასტურებდა, რომ იცოდა მომხდარი დანაშაულის შესახებ. თუმცა დამატებით, მათ გამოითხოვეს ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონიდან და აღადგინეს წაშლილი მიმოწერები.
„აქაც ბევრი ვიმუშავეთ იმიტომ, რომ ეს მობილური ტელეფონი რამდენჯერმე ჩატრიალდა საექსპერტო-კრიმინალისტიკურში და შემდგომ სამხარაულის ბიუროში და იქიდან გამოვითხოვეთ და აღვადგინეთ ის წაშლილი ინფორმაცია, საიდანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა ის, რომ ის წერს თავის შეყვარებულ გიორგი რიკაძეს, რომ ის ვიდეო თავის დროზე უნდა გაექრო. აქ საუბარია იმ ვიდეო ჩანაწერზე, სადაც ასახული იყო გიგა ავალიანზე თავდასხმა, რომელიც საკუთარი ხელით გადაიღო გიორგი რიაკძემ თავდასხმის მომენტში.
რიკაძე ეუბნებოდა მას, რომ ეს ვიდეო პოლიციაში მიიტანა, რომ იქნებ ამ ვიდეომ საშკას (ალექსანდრე გაბაშვილს) შეუმსუბუქოს სამართლებრივი მდგომარეობაო ანუ რეალურად რიკაძემ მოიტანა მტკიცებულება, რომელიც მათი დევნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ამ ბრალდებულთა წინააღმდეგ. თუმცა ანასტასია ბერუაშვილი ამ საკითხში უფრო „ჭკვიანი” აღმოჩნდა და ის ურჩევდა თავის შეყვარებულს, რომ უეჭველი თავის დროზე უნდა გაექრო ეს ვიდეო.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, მართალია ბრალდება ბერუაშვილს ედავება, რომ მან მოგვიანებით გაიგო დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა არსებობს ეჭვი იმის თაობაზეც, რომ მან წინსწრებითაც იცოდა და გიორგი რიკაძე მისი სახლიდან წავიდა „იმ ამბის ჩასადენად”
„ანასტასია ბერუაშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ მას ერთ-ერთ მეგობართან აქვს მიმოწერა და ეს მიმოწერა საქმეში დევს, რა დროსაც ანასტასია ბერუაშვილი მეგობარს ეუბნება, რომ თავის თავზეც ეგონა, რომ დააკავებდნენ იმიტომ, რომ დანაშაულის დღეს, 1 ოქტომბერს, რიკაძე მისი სახლიდან წავიდა იმ ამბის ჩასადენად”.
დღეს, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ. მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზება ედება ბრალად, ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.