ავტორი: ნეიტ ოსტილერი
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 10 აგვისტოს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც ვაშინგტონის სამიტის პირველი წლისთავს ეძღვნება. 2025 წლის სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
სამიტზე მოხდა სამშვიდობო ხელშეკრულების ინიცირება (პარაფირება), თუმცა დოკუმენტი ხელმოწერილი ჯერაც არ არის. წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამ ათწლეულზე მეტხანს გაგრძელებული შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისკენაა მიმართული.
„ამ პირველ წლისთავზე ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად მიაღწიეს და სავსენი ვართ მტკიცე ნებით, განვავითაროთ ის საძირკველი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტს ბოლო მოუღო და სამხრეთ კავკასია უფრო წარმატებული და კეთილდღეობის მომავლის გზაზე დააყენა“, – ნათქვამია განცხადების შესავალ ნაწილში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს კანდიდატურა.
ამის შემდეგ განცხადებაში საუბარია ერთობლივ დეკლარაციაზე, რომლის პარაფირებაც სამიტზე მოხდა და ის მოხსენიებულია, როგორც „კონკრეტული საგზაო რუკა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რომელიც მათ, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საშუალებას მისცემს, გააძლიერონ მშვიდობა, მიაღწიონ კეთილდღეობას და გააღრმაონ პარტნიორობა“.
ამის შემდეგ განცხადებაში ჩამოთვლილია რვა მნიშვნელოვანი შედეგი, რომლებიც სამიტის შემდეგ მიღწეული პროგრესისა და მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯების მაჩვენებლადაა წარმოდგენილი:
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე „სტაბილურობა“ შენარჩუნებულია. ამასთან, „ორივე მხარე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ურთიერთობების ნორმალიზების, საზღვრების დელიმიტაციისა და ნდობის გაძლიერების მიმართულებით, რაც ხანგრძლივი სტაბილურობისთვის აუცილებელია“.
„ტრამპის მარშრუტი“, იგივე TRIPP, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს, „იდეიდან რეალობად გარდაქმნის პროცესშია“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სომხეთში საინჟინრო კვლევები უკვე მიმდინარეობს“, ხოლო „აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე თითქმის დაასრულა საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა, რომელიც სომხეთში TRIPP-ს დაუკავშირდება“.
„ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით, აშშ-მა 201 მილიონი დოლარი გამოყო „ტრანსკასპიური საწარმოების ფონდისთვის“ (Trans-Caspian Enterprise Fund), რომელიც ამ მარშრუტის დაფინანსებას უზრუნველყოფს.
შეერთებულმა შტატებმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან ორმხრივი ურთიერთობები „გააღრმავა“.
აზერბაიჯანმა სომხეთთან ვაჭრობაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმა. მას შემდეგ „სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით დაახლოებით 60 000 ტონა საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა, ხოლო აზერბაიჯანმა სომხეთს 20 000 ტონა ნავთობპროდუქტიც მიაწოდა“.
სომხეთისა და აზერბაიჯანის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიზანია „რეგიონული კავშირის მარშრუტების დივერსიფიცირება, სამხრეთ კავკასიაში საიმედოობისა და მდგრადობის გაძლიერება და ევრაზიის სატელეკომუნიკაციო ქსელებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელშეწყობა“.
ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების მთავარი მედიატორი იყო, დაიშალა.
სომხეთი და აზერბაიჯანი დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებულ „მშვიდობის საბჭოს“ (Board of Peace) შეუერთდნენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი და აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ურყევ მხარდაჭერას როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის მიმართ, მათი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების დასასრულს აღნიშნულია:
„ნამდვილი მშვიდობა არასოდეს მიიღწევა მხოლოდ ერთ დღეში, თუმცა, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს – დაპირებები გაცემულია, დაპირებები შესრულებულია. აზერბაიჯანისა და სომხეთის ნაბიჯები ხანგრძლივი მშვიდობისკენ მსოფლიოსთვის მაგალითია და ჩვენ მოუთმენლად ველით რეგიონის ნათელ და კეთილდღეობის მომავლს“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.