კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი 5 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის  დარღვევის გამო, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 5000 ლარით.

კომისიის თქმით, დაირღვა 52-ე მუხლის – „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“  პირველი და მეორე პუნქტები, ასევე 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მეხუთე პუნქტი.

საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი 27-28 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. comcom-ის თქმით, იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები.

„ტელეკომპანია პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე დაკისრებული აქვს ორი სანქცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა.  ამჯერად, ანალოგიური დარღვევის ჩადენისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა, არაუმეტეს  მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ისა. ამასთანავე, კომისიამ  გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის „ტელეკომპანია პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის სანქციით – 5000 ლარით დააჯარიმა” – ნათქვამია COMCOM-ის განცხადებაში.

კომისიამ სადავოდ გახადა ფრაზები: „დიდი ნადირობა მოაწყო“; „სქროლვა სქრინვის სააგენტო“; „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ე.წ მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“; „ჩეჩნური ტიპის რაზმი“; „რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“; „დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე“; „აქტივისტებზე ნადირობა“; „პოლიციას ნერვებმა უმტყუვნა“.

სადავო ფრაზებთან დაკავშირებით, კომისიამ განმარტა, რომ მაუწყებლის
წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები. შესაბამისად, მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

52-ე მუხლის დარღვევად კი მოყვანილია 27 ივლისის 20:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტი „ხალხის დაკავება დაიწყო“. სიუჟეტში სადავოდ არის ფრაზა მოყვანილი, სადაც ჟურნალისტი პოლიციელების საუბრის ინტერპრეტაციას აკეთებს. კომუნიკაციების კომისიის თქმით, ინფორმაცია „არაჯეროვანი სიზუსტითაა გადმოცემული”.

„ჟურნალისტი ამბობს: „პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც დღეს საკრებულოსთან მოვა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ.“

მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან, რომელშიც ნათქვამია, თითქოს პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც საკრებულოსთან მივა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ, არაჯეროვანი სიზუსტითაა გადმოცემული. სიუჟეტში ჩართულ ინტერვიუში, პოლიციის მაღალჩინოსანი, გოგა მემანიშვილი, ასეთ განცხადებას არ აკეთებს.

სიუჟეტში ჟურნალისტი პოლიციის მაღალჩინოსანს უსვამს შეკითხვას: „მაგალითად, ამ ადამიანს უწერია კი თეთრ ბანერზე, ეს ეხლა დანაშაულია? ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა? […] ანუ კი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?”. რაზეც პოლიციის მაღალჩინოსანი პასუხობს: „ვინც დაარღვია ის დავაკავეთ, ხო არ ვედავებით […].“ ჟურნალისტი: „ანუ სხვა ადამიანების დაკავებასაც აპირებთ?“. პასუხი: „რატომ უნდა დავაკავოთ?“ აღნიშნულიდან კი წამყვანის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ გამომდინარეობს.

შესაბამისად, ახალი ამბები ჯეროვანი სიზუსტის დაცვით არ არის წარმოდგენილი და მაუწყებელი არღვევს კანონის 52-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებს” – წერია განმარტებით ბარათში.

TV პირველის იურისტს, თორნიკე მიგინეიშვილს კომუნიკაციების კომისიისთვის დღევანდელი სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობით ჰქონდა მიმართული, რადგან ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, რომელსაც სხდომაზე დასწრება თავად სურდა, ამჟამად შვებულებაში იმყოფებოდა. თუმცა, კომუნიკაციების კომისიამ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 „თუ იურისტს ბმული გაეგზავნა და არ ესწრება სხდომას და ის, რომ ბატონი ნოდარი იმყოფება შვებულებაში, ჩემი აზრით ვერ იქნება მიჩნეული საპატიო მიზეზად. ერთი ის, რომ, კი ბატონო, გვესმის შვებულებაში ყოფნის პერიოდი, თუმცა ვიცით, რომ სხდომას მხარეები ესწრებიან ონლაინ და ამიტომ არა მგონია ახლა ბატონი ნოდარი ისეთ ადგილას იმყოფებოდეს, საიდანაც ჩართვა არ შეეძლო. მეორე ის, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ასევე სხვასაც შეეძლო, სხვა უფლებამოსილ პირს დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება და კომისია გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ საკითხის განხილვა უნდა გადავდოთ“ – განაცხადა სხდომაზე გოგა გულორდავამ/ „მედიაჩეკერი”.

ამ დროსითვის  ორ-ორი ჯარიმა აქვთ TV პირველს და ტელეკომპანია „ფორმულას”. ერთი ჯარიმა აქვს POSTV-ის, ხოლო წერილობითი გაფრთხილებები აქვთ: TV პირველს, „ფორმულას, POSTV-ისა „იმედს”.

თუკი კომუნიკაციების კომისია კვლავ დაადგენს დარღვევას, კომისია კვლავ უფლებამოსილი იქნება ტელევიზიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე იმსჯელოს ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა, არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა.