კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია პირველი „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა”მე-5 პუნქტის დარღვევისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა.
კომისის თქმით, მონიტორნგმა 7 დარღვევა გამოავლინა. საუბარია იმ ტერმინებზე, რომლებსაც ჟურნალისტები ახალი ამბების პროგრამაში იყენებდნენ. მაგალითად: „ოლიგარქი”, „სინდისის პატიმრები”, „ივანიშვილის რეჟიმი”, „არარსებული დანაშაული”, „ოცნების გამოძიება”, „ცრუ მოწმე” და სხვ. მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგი 11-13 ივნისს მიმდინარეობდა.
გასულ კვირას საკითხის განხილვისას „ტვ პირველის“ იურისტმა, თორნიკე მიგინეიშვილმა გაკვირვება გამოთქვა, რომ მიუხედავად ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით კომისიასთან არაერთი შეხვედრისა, მათ კვლავ მოუწიათ ამაზე საუბარი. მისი შეფასებით, ეს მხოლოდ კანონის აღსრულებაზე არ მიუთითებს და მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს ტერმინები, რომელთა ეთერში გაჟღერებაც, სავარაუდოდ, არც მარეგულირებელ კომისიას და, შესაძლოა, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ.
„არ შეიძლება მაუწყებელმა, კონკრეტული საკითხი, მათ შორის, ახალი ამბები კონტექსტიდან განცალკევებით გააშუქოს და არ შეიძლება მარეგულირებელმა კომისიამ, რომელიც სავარაუდო დარღვევას ადგენს კონტექსტი განცალკევებულად მოამზადოს იმისგან, რაც ქვეყანაში ხდება და რაზეც მზადდება საინფორმაციო სიუჟეტები” – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
ტელევიზიის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ტერმინები მაუწყებლის პოზიციას არ ასახავს – მათ იყენებენ ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ დასკვნებში, ასევე ადვოკატები და სოციალური ქსელების მომხმარებლებიც.
„ვიღაცამ ერთხელ გამოიყენა თქვენ ამკვიდრებთ ამას” – ასე უპასუხა კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა გოგა გულორდავამ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს გასულ კვირას საკითხის განხილვაზე და თქვა, რომ კანონის გვერდის ავლაა, როცა „ვიღაცამ გამოიყენა და ამას ლეგიტიმაციისთვის” იყენებს ტელევიზია.
ტელეკომპანია „პირველისთვის” ეს ჯარიმა ამ კონტექსტში პირველია, აქამდე კომისიისგან მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება ჰქონდა.
ამ დროისთვის 2500 ლარით არიან დაჯარიმებული ტელეკომპანია „პირველი” და ტელეკომპანია „ფორმულა”, რომელიც 21 მაისს დააჯარიმეს.
ფორმულას მონიტორინგი 21-23 აპრილის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა. ჯგუფი 5-საათიანი გამოშვების ახალი ამბების პროგრამას აკვირდებოდა.
კომისიამ დარღვევად მიიჩნია სიტყვები, როგორებიცაა:
„პროსამთავრობო რუსთავი 2” „ოცნების სუსი”, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური”, „ივანიშვილის რეჟიმი”, „რეჟიმის პროკურატურა”, „რეჟიმმა წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობა უკვე მიუსაჯა”, „ოცნების პრემიერი”, „ოცნების ხელისუფლება”, „ივანიშვილის ხელისუფლება”, , „ოლიგარქის გარემოცვიდან”, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო”, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო” და სხვ.
როგორც კომისია გადაწყვეტილებაში წერს, აღნიშნული ფრაზები წარმოადგენს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქებას, რითაც „მაუწყებლობის შესახებ” კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ირღვევა.
რა ხდება სანქციების მომდევნო ეტაპზე და დადგება თუ მაუწყებლებისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხი?
ამ ჯარიმის შემდეგ, სანქციების მომდევნო ეტაპზე კომისია უფლებამოსილია ტელევიზიებისთვის მაუწყებლობის უფლების შეჩერების საკითხი განიხილოს. თუმცა კანონმდებლობა მას ასევე აძლევს ალტერნატივას, დააწესოს გაზრდილი ოდენობით ჯარიმა, რომელიც ყოველ განმეორებით დარღვევაზე კიდევ უფრო მაღალია.
ეს არ ნიშნავს, რომ ტელეკომპანიას მაუწყებლობა ავტომატურად შეუჩერდება. თუმცა კანონი კომისიას აძლევს უფლებას, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში დაიწყოს პროცედურა, რომლის ფარგლებშიც მათთვის ლიცენზია/ავტორიზაციის შეჩერების საკითხი განიხილება.
მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. კანონის თანახმად, ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. „ფორმულაც” და „ტვ პირველიც” ავტორიზებულია. შეჩერების შემდეგ მათ მაუწყებლობის განხორციელების უფლება აღარ ექნებათ.
„მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, პირველ ჯერზე მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმების მომსახურების მიმწოდებლებს კანონდარღვევის აღმოჩენის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში წერილობითი გაფრთხილება ეძლევათ.
2026 წლის 8 აპრილს, კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგის საფუძველზე „ფორმულა“, „ტვ პირველი“, „ტელეიმედი“ და „პოსტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევის გამო, რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება, წერილობით გააფრთხილა.
თუკი წერილობითი გაფრთხილებიდან 1 წლის ვადაში მაუწყებელი იგივე ხასიათის დარღვევას ჩაიდენს, ჯარიმდება მინიმალური ოდენობით 2 500 ლარით, თუმცა არაუმეტეს წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით.
როგორც „ფორმულას”, ასევე „ტვ პირველს” უკვე აქვთ 2 500-ლარიანი ჯარიმები. რა ხდება კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში? თუკი ბოლო დარღვევიდან ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელი ისევ დაარღვევს კანონს, კომუნიკაციების კომისიას ორი გზა აქვს. პირველი – დააკისროს უფრო მაღალი ჯარიმა, მინიმუმ 5 000 ლარის ოდენობით და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 1%-ისა და მეორე – დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლის ლიცენზიის/ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე.
ამის შემდეგ, დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების შემდეგ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია კვლავ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა, რაც მინიმალური ოდენობით 10 000 ლარია, არანაკლებ კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა და მეორე ვარიანტი, კვლავ იმსჯელოს მაუწყებლის ლიცენზიისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.
2025 წლის აპრილში „მაუწყებლობის” შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, კანონის რეგულირების ქვეშ მოექცა ისეთი საკითხები, როგორიცაა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის დაცვა და სხვ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი აღნიშნულ საკითხებს აქამდე მაუწყებელთა ქცევის კოდექსი განსაზღვრავდა, მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების სფეროში ექცეოდა და არ საჩივრდებოდა, მოქმედი კანონმდებლობით, კომისიას მასზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები დიდი ხანია შესულია, გასულ წელს კანონით დადგენილი ნორმები პრაქტიკაში არ ამოქმედებულა.
კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ 2026 წლის 6 მარტს, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისა და მხარდაჭერისთვის ორი პროსამთავრობო პროპაგანდისტული არხის – „იმედი“ და „პოსტვ“ დაასანქცირა, გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ ქვეყანაში წელიწადზე მეტია ცვლილებები მოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, თუმცა მიუხედავად მისი არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.