კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი 5 000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის დარღვევის გამო მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 5000 ლარით.

„ტელეკომპანია პირველს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე დაკისრებული აქვს ორი სანქცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა.  ამჯერად, ანალოგიური დარღვევის ჩადენისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა, არაუმეტეს  მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ისა. ამასთანავე, კომისიამ  გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის „ტელეკომპანია პირველი“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის სანქციით – 5000 ლარით დააჯარიმა” – ნათქვამია COMCOM-ის განცხადებაში.

კომისიამ სადავოდ გახადა ფრაზები: „დიდი ნადირობა მოაწყო“, „სქროლვა-სქრინვის სააგენტო“, „ჩეჩნური ტიპის რაზმი“, „აქტივისტებზე ნადირობა“, „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“ და სხვ.

საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი 27-28 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. comcom-ის თქმით, იკვეთებოდა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პირადი დამოკიდებულების/მოსაზრებების საფუძველზე გაშუქებისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები.

TV პირველის იურისტს, თორნიკე მიგინეიშვილს კომუნიკაციების კომისიისთვის დღევანდელი სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობით ჰქონდა მიმართული, რადგან ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, რომელსაც სხდომაზე დასწრება თავად სურდა, ამჟამად შვებულებაში იმყოფებოდა. თუმცა, კომუნიკაციების კომისიამ სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 „თუ იურისტს ბმული გაეგზავნა და არ ესწრება სხდომას და ის, რომ ბატონი ნოდარი იმყოფება შვებულებაში, ჩემი აზრით ვერ იქნება მიჩნეული საპატიო მიზეზად. ერთი ის, რომ, კი ბატონო, გვესმის შვებულებაში ყოფნის პერიოდი, თუმცა ვიცით, რომ სხდომას მხარეები ესწრებიან ონლაინ და ამიტომ არა მგონია ახლა ბატონი ნოდარი ისეთ ადგილას იმყოფებოდეს, საიდანაც ჩართვა არ შეეძლო. მეორე ის, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან ასევე სხვასაც შეეძლო, სხვა უფლებამოსილ პირს დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს ჩემი მოსაზრებაა, თუმცა საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი კენჭისყრაზე დადგება და კომისია გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ საკითხის განხილვა უნდა გადავდოთ“ – განაცხადა სხდომაზე გოგა გულორდავამ/ „მედიაჩეკერი”.

ამ დროსითვის  ორ-ორი ჯარიმა აქვთ TV პირველს და ტელეკომპანია „ფორმულას”. ერთი ჯარიმა აქვს POSTV-ის, ხოლო წერილობითი გაფრთხილებები აქვთ: TV პირველს, „ფორმულას, POSTV-ისა „იმედს”.

თუკი კომუნიკაციების კომისია კვლავ დაადგენს დარღვევას, კომისია კვლავ უფლებამოსილი იქნება ტელევიზიის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე იმსჯელოს ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა, არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა.