ასე მშიერი კვდება ყველა, მარტო შენ არა, იმიტომ, რომ აქ შეზღუდვებია - რეხვიაშვილი

პუბლიკა

მარნეულში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. მოსახლეობა ამბობს, რომ პროტესტის მიზეზი პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებია.

პროტესტის მონაწილეებთან მივიდა ქვემო ქართული გუბერნატორი და მარნეულის მერი რაულ დარგალი. ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ წევრი ახმედ იმამკულიევი.

„შენი დადგმული სპექტაკლები შენთვის შეინახე, შენ მიშლი ხელს. შენ ხარ დამდგმელი რეჟისორი ამ ყველაფრის“, – ასე მიმართა აჰმედ იმამკულიევს ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

„აქ არის დაგეგმილი პოლიტიკური აქცია და საქმეზე ვისაც უნდა ლაპარაკი, მე ვიყავი იქით, მოვაგვარეთ ბევრი პრობლემა სოფლებში.  ამათ რა უნდა ველაპარაკო, ამათ საქმე არ აინტერესებთ, ამათ პრობლემები არ აქვთ, ეს არის პოლიტიკურად მართული“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილი რადიო „მარნეულთან“.

შოთა რეხვიაშვილის თქმით,   მუნიციპალიტეტიდან პროდუქტების გატანაზე ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია მუშაობს. მისი თქმით, ამის შემდეგ ეცდებიან, რომ სხვა მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები შევიდეს სოფლებში და გაკეთდეს მარნეულის პროდუქტის რეალიზაცია.

„სამი მანქანა შევიდა და გამოვიტანეთ. დღევანდელ ფორსმაჟორში არავინ არის დაზღვეული და რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი. დისტრიბუციამ უფრო აქტიურად უნდა გაიტანოს პროდუქტი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

შოთა რეხვიაშვილს კითხვები მიმართა ადგილზე მყოფმა ერთმა პირმა, რომელსაც რეხვიაშვილმა უთხრა, რომ მას საქმეზე ლაპარაკი არ აინტერესებს.

„შენ არ გაინტერესებს საქმე, შენ ხარ მომართული“, – ასე მიმართა შოთა რეხვიაშვილმა აქციაზე მყოფ ერთ-ერთ პირს, რომელიც ამბობდა, რომ „არც ბიძინა აინტერესებს და არც სააკაშვილი“. მისი თქმით, ის დააჯარიმეს, დედა ჰყავს ცუდად და  სახლში ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

„პური არ მჭირდება სახლში?“- ჰკითხა აქციის მონაწილემ შოთა რეხვიაშვილს.

„მისმინე, ასე მშიერი კვდება ყველა, მარტო შენ არა, იმიტომ, რომ აქ შეზღუდვებია. მე არ ვიცი, რა გარემოებებში დაგაჯარიმეს. თუ შენ მართალი ხარ, მე დაგეხმარები, რომ შენი სიმართლე არ დაიკარგოს“,  – მიუგო შოთა რეხვიაშვილმა.