თბილსერვის ჯგუფი: ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა

პუბლიკა

14 აგვისტოს თბილისში უხვი ნალექი მოვიდა. თბილისის მერია ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოებზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

„ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან.“ – წერს უწყება.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის განცხადებით, უხვმა ნალექმა პრობლემები დედაქალაქის ათივე რაიონში შექმნა. მისივე თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში მოვიდა.

„ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.

ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა.“ – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა.