ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელი ხაზის – 112-ისა და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის 144-ის შეფერხებით მუშაობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ხდება მაშინ, როცა ძალაში შედის ახალი შეზღუდვა.
„ასეთი პრობლემები გვაქვს ჩვენ პირველ დღეს, როდესაც ახალი შეზღუდვა შედის ძალაში. გუშინ 260 000 ზარი განხორციელდა 144-ზე, 20 000 ადამიანს პასუხი გაეცა და მათი პრობლემებიც მოგვარდა. დღეს ზარების რაოდენობა უფრო ნაკლებია და როგორც ჩანს, სადღესასწაულო-სააღდგომო განწყობის გამო კომუნიკაციაც კომპანიებსა და მათ თანამშრომლებს შორის ნაკლებად იყო. კომუნიკაცია სამედიცინო დაწესებულებებსა და მათ პაციენტებს შორის ნაკლებად ხორციელდებოდა, როგორც ჩანს, ეს იყო ამდენი ზარის მიზეზი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელი ხაზზე – 112-ზე ბევრი არამიზნობრივი ზარი შედის. ცქიტიშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ინფორმაცია სხვა არხებით მიიღონ და 112-ზე არამიზნობრივად არ დარეკონ.
„სამწუხაროდ ძალიან დიდი რაოდენობა რეკავს, მათ შორის 112-ზეც და მინდა, ვთხოვო მოქალაქეებს, რომ 112-ზე ძალიან ბევრი არამიზნობრივი ზარი გვაქვს, ისეთი შეკითხვებით, რომელთა დაზუსტებაც შეიძლება სხვა არხებით მოხდეს“, – თქვა ცქიტიშვილმა.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელი ხაზი – 112 შეფერხებით მუშაობდა.
112 არის საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი, რომელიც 2012 წელს გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით შეიქმნა. საქართველოს მოქალაქეები ამ ნომრით უკავშირდებიან პოლიციას, სახანძრო/სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.