ავტორი: ნეიტ ოსტილერი
აზერბაიჯანმა აშშ-ის სასამართლოში CNN-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დავის მიზეზი გახდა CNN-ის მიერ ივნისში გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის მწვავე პერიოდში ისრაელმა აზერბაიჯანში სამხედროები გაგზავნა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საინფორმაციო სააგენტო Report-მა 18 აგვისტოს დაწერა, რომ ბაქომ CNN-ს სტატიის უარყოფა და უკან გაწვევა სამჯერ მოსთხოვა, თუმცა ტელეკომპანიამ ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
სტატია ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ისრაელმა აზერბაიჯანში „ელიტური სამხედრო და სადაზვერვო დანაყოფები“ განათავსა. CNN-ის ცნობით, ეს დანაყოფები ახლო აღმოსავლეთში მოქმედი საიდუმლო ობიექტების ქსელის ნაწილი იყო და ირანის წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებას ემსახურებოდა.
CNN-სთან საუბრისას ორმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები სამხრეთ აზერბაიჯანის რამდენიმე ტერიტორიაზე მოქმედებდნენ. მათ შორის იყო ადგილი, რომელიც ირანის ქალაქ თავრიზიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. თავრიზი კონფლიქტის დროს ისრაელის დარტყმის სამიზნე გახდა.
„ადგილზე ასევე განლაგებული იყო სპეცდანიშნულების კომანდოს ნაწილები, რომლებიც სადაზვერვო მისიებსა და დრონებით ოპერაციებს ახორციელებდნენ, რამაც ისრაელს ომის დროს ჩრდილოეთ ირანის გასაკონტროლებლად ღირებული პოზიცია მისცა“, — იტყობინებოდა CNN.
სტატია მოჰყვა ვარაუდებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ისრაელმა 2025 წლის მოკლევადიანი ისრაელ-ირანის ომის დროს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენა (რასაც ბაქო უარყოფს).
2026 წლის იანვარში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ირანელ კოლეგასთან, სეიედ აბას არაღჩისთან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ირანის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად „არასდროს“ იქნება გამოყენებული „არცერთი სახელმწიფოს“ მიერ.
2026 წლის ივნისში CNN-ის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, აშშ-ში აზერბაიჯანის საელჩომ უარყო ის, რასაც „მესამე ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციებისთვის აზერბაიჯანის ტერიტორიის შესაძლო გამოყენების შესახებ დაუსაბუთებელი განცხადებები“ უწოდა.
საელჩოს განცხადება, ისევე როგორც სტატიის თავდაპირველი გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს მიერ გაკეთებული კომენტარები, CNN-ის სტატიაშიც იყო მოყვანილი.
ამ ყველაფრის შემდეგ Report წერს: „მიუხედავად იმისა, რომ CNN-მა აზერბაიჯანის მოთხოვნების გადახედვის პირობა დადო, ამ პერიოდში მას არანაირი ზომა არ მიუღია და აღნიშნული ბრალდებები არ გაუწვევია“, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.
OC Media-მ კომენტარისთვის CNN-ს მიმართა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.