უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვი“ შექმნაში მონაწილეობდნენ.
უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, ანიმაციური სერიალი რუსულ ნარატივებს ავრცელებს.
„სანქციები დაუწესდა ხუთ რუს ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ ანიმაციური სერიალის „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში.
სერიალი ბავშვებისთვის განკუთვნილი კონტენტის სახით შეფარულ პრორუსულ ნარატივებს ავრცელებს, რაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – ნათქვამია ბრძანებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები დაუწესდა ანიმაციურ სერიალზე მომუშავე სტუდია Animaccord-ს, მის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ასევე სერიალის სცენარისტს, რეჟისორსა და პროდიუსერს, სერიალის თანაავტორს, რომელიც თანხებს რუსეთის ბიუჯეტში იხდის, და ანიმაციის საავტორო უფლებების მფლობელს.
2017 წელს უკრაინის სახელმწიფო კინემატოგრაფიის სააგენტომ განიხილა მულტფილმის აკრძალვის მოთხოვნა, რომლის მიზეზადაც მასში რუსული პროპაგანდისტული ნარატივების არსებობა სახელდებოდა.
კერძოდ, მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარი პერსონაჟი НКВД-ის ქუდით გამოჩნდა. НКВД საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უწყება იყო, რომლის თანამშრომლებიც, სხვა საქმიანობასთან ერთად, ანტისაბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ჩახშობაში მონაწილეობდნენ.