„არავის მიუცია ჩვენება ღარიბაშვილის წინააღმდეგ, შეთანხმების გარეშე არაფერი მომხდარა“ - ბურჭულაძის ადვოკატი

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, ხათუნა ხურცილავა TV პირველთან კომენტარში ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ ბურჭულაძეს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია. მისი თქმით, „შეთანხმების გარეშე არაფერი მომხდარა”, თუმცა ვისთან და რა სახის შეთანხმება მოხდა, ის არ აკონკრეტებს.

„[ჯუანშერ ბურჭულაძის] ჩვენებას არ ვესწრებოდი. განცხადებას იმ კვირაში გავაკეთებთ. დიახ, პროცესზე გავაკეთებთ, არ არის ჯერ ჩანიშნული, ორ-სამ დღეში გვეტყვიან ზუსტად.

არავის არ მიუცია ჩვენება [ღარიბაშვილის წინააღმდეგ]. შეთანხმების გარეშე არაფერი მომხდარა. [ვისთან შეთანხმებით] არ აქვს მნიშვნელობა, არ გიპასუხებთ.

ცოტა დრო გვჭირდება და ყველაფერზე გაგცემთ პასუხს. არაფერი არ არის დასამალი. არავის წინააღმდეგ არ არის ჩვენება მიცემული, რომ იცოდეთ.

ეს გააჟღერა [პროკურატურამ], მაგრამ არავის ნებართვის და შეთანხმების გარეშე ჩვენება არ მიუცია“, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას „გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მიმართა” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდადებულმა ვასილ მხეიძემ და „გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია”. ასევე, „გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც”.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებს ეხება. გამოძიების თანახმად, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი ვასილ მხეიძე ერთ-ერთ ბიზნესმენს დაჰპირდნენ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მასთან დაკავშირებული კომპანიები გარანტირებულად გაიმარჯვებდნენ. სანაცვლოდ ბიზნესმენს ხელშეკრულებების ღირებულების დაახლოებით 10%-ის გადახდა მოსთხოვეს.

პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო, აღნიშნულ სქემას „სამსახურებრივი მფარველობა გაუწია და ასევე მოითხოვა უკანონო ფინანსური სარგებლის მიღება“.

გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.

უწყების განცხადებით, აღნიშნული სქემით სახელმწიფოს 6.98 მილიონ ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი მიადგა.


იქამდე, 2025 წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

ღარიბაშვილის უფლებადამცველი, ლილი გელაშვილი ოქტომბერში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დაუსაბუთებელი შემოსავლის გამო წარედგინა და უკანონო შემოსავლების მიღება არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას.