ფაშინიანის თქმით, სომხეთი „ახლო მომავალში“ შეიტანს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე 

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მალე ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ევროკავშირის წევრობაზე. ფაშინიანის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელი ეტაპია, სანამ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმს ჩაატარებს.

დღეს, 24 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში მთავრობის ხუთწლიანი პროგრამის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოფიციალური განაცხადის შეტანა აუცილებელია მკაფიო რეფორმების გეგმის შესადგენად და ევროკავშირში გაწევრების რეალისტური პერსპექტივების შესაფასებლად.

მისი ეს განცხადება ეფუძნება პარლამენტის მიერ 2025 წლის მარტს მიღებულ ფუნდამენტურ კანონს, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო ინტეგრაციის პროცესი. განცხადება ასევე უკავშირდება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელთა მიზანიც უვიზო მიმოსვლის 2029 წლამდე მიღწევაა. ფაშინიანმა დასძინა, რომ განაცხადის შეტანა ნაწილობრივ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორების მოწოდებების პასუხიც იყო.

სომხეთის დიპლომატიური შემობრუნება ევროკავშირის მიმართულებით მოსკოვთან მზარდი უთანხმოებებისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში წარმოქმნილი სავაჭრო შეფერხებების ფონზე მიმდინარეობს. მანამდე ფაშინიანმა სომხურ საქონელზე რუსეთის მიერ დაწესებული ბოლო საექსპორტო აკრძალვები კავშირისთვის „კრიზისად“ შეაფასა. მაისში ევრაზიული კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი იმის გადასაწყვეტად, სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩება თუ ევროკავშირის წევრობის გზას აირჩევს.

მაშინ ფაშინიანი მიესალმა ამ განცხადებებს და ხაზი გაუსვა, რომ კენჭისყრას აზრი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც მთავრობა საზოგადოებას გაწევრიანების ვადებსა და წინაპირობებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებს წარუდგენს.

პრემიერ-მინისტრმა საგარეო პოლიტიკაში ეს შემობრუნება „ბუნებრივ პროცესად“ შეაფასა და განაცხადა, რომ იგი რეგიონში განვითარებული დინამიკითაა განპირობებული და არა ანტირუსული განწყობებით. ფაშინიანმა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ტრადიციულად სომხეთის უსაფრთხოების გარანტორად მიიჩნეოდა, 2021-2023 წლებში განვითარებულმა მოვლენებმა გამოავლინა რუსეთის მოქმედების შეზღუდვები, რაც მისივე უსაფრთხოების გამოწვევებით იყო განპირობებული. ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთი აქტიურად ახდენს საერთაშორისო პარტნიორობების დივერსიფიკაციას, პარალელურად კი აგრძელებს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ძალისხმევას და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას.

ევრაზიული კავშირის წარმომადგენლებმა მანამდე არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ ევროკავშირში გაწევრება შეუთავსებელია ამ ბლოკის წევრობასთან, რაც სომხეთისთვის რუსეთის ბაზარზე წვდომას საფრთხეს უქმნის. ამავე დროს, სომეხი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყნის შიდა ეკონომიკას გააძლიერებს.

ორშაბათს ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) სომხეთის გაყინული წევრობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ უსაფრთხოების ბლოკში დაბრუნება მათი ხუთწლიანი გეგმის ნაწილი არ არის.

„ძალიან გამიხარდებოდა, ორგანიზაციას სომხეთის კუხოდან გარიცხვა რომ გადაეწყვიტა. ეს გაგვათავისუფლებდა დილემისგან, გავიდეთ თუ არა ორგანიზაციიდან“, – განაცხადა მან.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ნიკოლ ფაშინიანს მალევე უპასუხა და განაცხადა: „თუ ერევანს, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აღარ სჭირდება წევრობა ისეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დატოვოს ეს ორგანიზაცია“.

პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვს სომხეთის ორგანიზაციიდან ოფიციალური გასვლის შესახებ შეტყობინება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა მონაწილეობა შეაჩერა.

2026 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, სომხეთში ევროკავშირის მიმართ ზოგადად დადებითი დამოკიდებულება კვლავ შენარჩუნებულია. გამოკითხულთა 72%-მა ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობები დადებითად შეაფასა, ხოლო 56%-მა განაცხადა, რომ ევროკავშირს ენდობა. ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 54%-ს მიაღწია, მაშინ, როცა კიდევ 63%-მა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობა, მათი აზრით, სომხეთს უარყოფითზე მეტ დადებითს მოუტანს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.