ავტორი: ანი ღულინიანი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვაჰან კოსტანიანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა – მან მონაწილეობა მიიღო კიევ-პეჩერის ლავრის დაარსებიდან 975 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
კოსტანიანის ვიზიტი 2026 წელს სომხეთისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის გამართული არაერთი მაღალი დონის კონტაქტის გაგრძელებაა. მანამდე, მაისში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ეწვია სომხეთს, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღო მონაწილეობა.
კიევ-პეჩერის ლავრის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში კოსტანიანი ასევე შეხვდა იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შეიხა ალ-ნუაისს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას.
კოსტანიანმა ზელენსკისა და სიბიჰას ერევნის მილოცვა გადასცა აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით.
კიევში ვიზიტის ფარგლებში კოსტანიანმა ცალკე შეხვედრები გამართა უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ოლენა კონდრატიასთან. მხარეებმა მაღალი დონის კონტაქტების გაფართოებასა და ორმხრივი დღის წესრიგის გაძლიერებაზე ისაუბრეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლექსანდრ მიშჩენკოსთან შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება, ეკონომიკური კავშირების გაფართოება და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდრ მერეჟკოსთან კი მხარეებმა იმსჯელეს სომხეთ-უკრაინის თანამშრომლობის დღის წესრიგზე.
კოსტანიანის ვიზიტს წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის კონტაქტების სერია, რომელიც სომხეთში 2026 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბებას მოჰყვა.
4 აგვისტოს სიბიჰამ სომხეთის ახლადდანიშნულ კოლეგა არარატ მირზოიანს ხელახლა დანიშვნა მიულოცა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში სიბიჰამ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის მუშაობას ელოდება. იმავე დღეს სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი უკრაინელ კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს, ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც მას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. მხარეები საპარლამენტო კავშირების გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების მოძიებაზე შეთანხმდნენ.
11 აგვისტოს მირზოიანი და სიბიჰა კვლავ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ამჯერად სატელეფონო საუბრისას. მათ ორმხრივი დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. მეორე დღეს ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და მას თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. საუბრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონული და გლობალური მოვლენები განიხილეს და ხაზი გაუსვეს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობას.
აგვისტოში გამართული კონტაქტებისას ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ ურთიერთობების გაფართოების აუცილებლობას, რათა თანამშრომლობა მხოლოდ ვაჭრობითა და საპარლამენტო ურთიერთობებით არ შემოიფარგლოს და კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებებიც მოიცვას.
სომხეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაღრმავება იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ერევნისა და რუსეთის ურთიერთობები დაძაბულია. მოსკოვმა მაისის დასაწყისიდან დღემდე არაერთი სომხური პროდუქციის იმპორტი აკრძალა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.