აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. როგორც მეზობლები TV პირველთან კომენტარში ამბობენ, ბლოგერი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს, გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნებულა. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული.
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ დაურ ბუავას ბრალი წაუყენა.
ბუავა ტიკტოკზე 2021 წლიდან აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებსა და აფხაზებზე, მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და სხვა.
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური მაშინ აცხადებდა, რომ დაურ ბუავას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.