შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა.
კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს გუშინ, 28 აგვისტოს იპოვეს.
პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. როგორც მეზობლები TV პირველთან კომენტარში ამბობენ, ბლოგერი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს, გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.
დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნებულა. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული.
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ დაურ ბუავას ბრალი წაუყენა.
ბუავა ტიკტოკზე 2021 წლიდან აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებსა და აფხაზებზე, მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და სხვა.
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური მაშინ აცხადებდა, რომ დაურ ბუავას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.