დაურ ბუავას საქმის ფარგლებში შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. შსს ამბობს, რომ მათ დაურ ბუავასთან ნაცნობა აკავშირებდათ.

უწყების თქმით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – ,,მარიხუანა” და ,,მეთადონი”.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე დგინდება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს”, – წერს შსს.

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს.


28 აგვისტოს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.