დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვებისთვის დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვებისთვის დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

პროკურატურის პოზიციით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა. თავად დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს.

სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა, ვინაიდან ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სასამართლო პროცესზე საავადმყოფოდან ცნობა იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს სასამართლოზე გამოცხადება და მასში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

29 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. დაურ ბუავას ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტიზასაც ჩაატარებენ.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ვერსია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალს მოვიკვლევთ, ვაპირებთ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩავატაროთ“, – აცხადებს ადვოკატი შეკითხვაზე, თუ რამდენად სარწმუნოა მისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ის გამოძიებასთან ერთად აქტიურად მუშაობს სიმართლის და ყველა გარემოების დასადგენად.

„ვიდრე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარდება, გარდაცვალების მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ და ვერავინ იტყვის, გარდაცვალება რამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გარემოებას მოვიკვლევთ, ჩვენც და გამოძიებაც ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, რათა სიმართლე დადგინდეს“, – ამბობს ადვოკატი.

უფლებადამცველი ასევე აღნიშნავს, რომ დაურ ბუავა გარდაცვალებამდე მუქარებს იღებდა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული მუქარები იყო, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, მისი გარდაცვალება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. დაურ ბუავა ბლოგერი იყო, ის აქტიურად წერდა ვიდეოებს საქართველოზე და აფხაზებთან ურთიერთობებზე, ეს რა თქმა უნდა, აფხაზებს არ მოსწონდათ“, – აცხადებს ადვოკატი.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში  28 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა. როგორც მეზობლები TV პირველთან კომენტარში ამბობენ, ბლოგერი ბოლოს რამდენიმე დღის წინ ნახეს, გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან არ დაბრუნებულა. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ დაურ ბუავას ბრალი წაუყენა.

ბუავა ტიკტოკზე 2021 წლიდან აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებსა და აფხაზებზე, მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და სხვა.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური მაშინ აცხადებდა, რომ დაურ ბუავას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.