ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ლალი გელაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან დანიშნული შეხვედრა გაუუქმეს. ადვოკატის ამ განცხადებას გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს.
„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატის ცნობით, შვილებთან დანიშნული პაემანი წინა კვირას გაუქმდა.
„არ ვიცი, რა იყო მიზეზი. ასევე შემიძლია კონტრშეკითხვაც დავსვა – რა იყო მიზეზი თუნდაც მისი ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლების. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ. მე მაშინ ვნახე ირაკლი და იყო ძალიან გაბრაზებული, გულნატკენიც, იმიტომ, რომ მომზადებული იყო შვილებთან შესახვედრად“, – თქვა გელაშვილმა „ტვ პირველთან.“
*****
24 აგვისტოს პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას „გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მიმართა” საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდადებულმა ვასილ მხეიძემ და „გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია”. ასევე, „გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც”.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებს ეხება. გამოძიების თანახმად, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი ვასილ მხეიძე ერთ-ერთ ბიზნესმენს დაჰპირდნენ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში მასთან დაკავშირებული კომპანიები გარანტირებულად გაიმარჯვებდნენ. სანაცვლოდ ბიზნესმენს ხელშეკრულებების ღირებულების დაახლოებით 10%-ის გადახდა მოსთხოვეს.
პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო, აღნიშნულ სქემას „სამსახურებრივი მფარველობა გაუწია და ასევე მოითხოვა უკანონო ფინანსური სარგებლის მიღება“.
გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით ჯამში 750 000 ლარი მიიღო.
უწყების განცხადებით, აღნიშნული სქემით სახელმწიფოს 6.98 მილიონ ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი მიადგა.
იქამდე, 2025 წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, მას სასჯელის სახედ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
ღარიბაშვილის უფლებადამცველი, ლილი გელაშვილი ოქტომბერში ამბობდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი დაუსაბუთებელი შემოსავლის გამო წარედგინა და უკანონო შემოსავლების მიღება არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას.