სააპელაციომ გიორგი კირვალიძის საქმე საპროცესო შეთანხმება გააუქმა საქალაქოში დააბრუნა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, გააუქმა 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება და საქმე საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვების ეტაპზე დააბრუნა.

გიორგი კირვალძეს საპროცესო შეთანხმება საქალაქო სასამართლოში 24 ივნისს გაუფორმდა.

ადვოკატ ბორის ჩელე ყურუას თქმით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის განმარტება, რომელიც დაეფუძნა კირვალიძის მიერ საქალაქო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას, უსაფუძვლოა, „ვინაიდან საქალაქო სასამართლოშიც იყო კვალიფიციური მოსამართლე, რომელსაც შეეძლო დაენახა კირვალიძის უარი“. ყურუას თქმით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების წინაპირობა ბრალის აღიარება იღო. პირობების თანახმად, 11 პირი საპატიმროში კიდევ 4 თვეს გაატარებდა, ერთი კი – 10 თვეს.

გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე საქალაქო სასამართლოში თქვა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს და რომ ინანიებს.

ხოლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება], ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაუქმება კირვალიძის რეპლიკის შინაარსის გამო მოითხოვა და არა იმის გამო, რომ მან თითქოს შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

„სიმართლის პოვნა იქნება ძალიან რთული. დამტკიცდა მახინჯი პრაქტიკა, როცა საქმე საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა არსებითი განხილვის ეტაპზე, როცა პრაქტიკულად შეუძლებელია გამამართლებელი განაჩენის დადგომა და არ მოიძებნება მოსამართლე ნორმალურ პირობებშიც კი, ვინც დაიჯერებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. პროკურორის სარჩელის დაკმაყოფილება ნიშნავს, რომ მოსამართლემ ხელი მოაწერა გამამტყუნებელ განაჩენს“, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა.

პროკურორი როინ ხინთიბიძე ამბობს, რომ გიორგი კირვალიძემ საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოსამართლის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ მოითხოვა, რაც ნიშნავს, რომ ის „გულწრფელი არ ყოფილა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას“. მისივე მტკიცებით, გიორგი კირვალძეს ბრალი არ უღიარებია და სააპელაციო „მოსამართლემაც შეატყო, რომ ის გულწრფელად არ ინანიებდა დანაშაულს“.

გიორგი კირვალიძეს პროკურატურა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.