ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. მხარეებმა სამშვიდობო პროცესისა და საერთო საზღვრის დელიმიტაციის საკითხები განიხილეს. იმავე დღეს სომხეთმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, მალე აზერბაიჯანში საქონლის ექსპორტი დაიწყოს.
ეს მათი პირველი შეხვედრაა 7 ივნისს სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
შეხვედრა ასევე გაიმართა ვაშინგტონის სამიტის პირველი წლისთავიდან რამდენიმე კვირაში – აშშ-ის დედაქალაქში სამიტი 2025 წლის 8 აგვისტოს გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის პარაფირება მოახდინეს და შეთანხმდნენ „ტრამპის მარშრუტის“ შექმნაზე, რომელიც აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას სომხეთის გავლით მის ექსკლავ ნახიჭევანთან დააკავშირებს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ გავრცელებული თითქმის იდენტური ოფიციალური განცხადებების თანახმად, ფაშინიანმა და ალიევმა განიხილეს სამშვიდობო პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე სომხეთში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, ასევე აზერბაიჯანის როლზე მესამე ქვეყნებიდან მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტში. ეს ნაბიჯები მათ „მშვიდობის დივიდენდების მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოვლინებად“ შეაფასეს.
ფაშინიანმა და ალიევმა ასევე ხაზი გაუსვეს დელიმიტაციის პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას, განიხილეს შეთანხმებების განხორციელებასთან დაკავშირებული „შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები“ და „ხაზი გაუსვეს TRIPP-ის ფარგლებში საკომუნიკაციო პროექტების მნიშვნელობას“.
„ლიდერები ასევე მიესალმნენ ბიზნესწრეებს შორის კონტაქტებს და გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივად მომგებიანი ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
იმავე დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე სომხეთი აზერბაიჯანში ექსპორტს დაიწყებს.
„მომდევნო რამდენიმე დღეში შეიტყობთ, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიებმა სომხური კომპანიებისგან საქონელი შეიძინეს“, – განაცხადა მირზოიანმა. მას არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რა სახის საქონელი იქნება ექსპორტირებული აზერბაიჯანში.
ეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ორმხრივს გახდის – ამ დრომდე ვაჭრობა ძირითადად აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტით შემოიფარგლებოდა.
იანვარში სომხეთმა და აზერბაიჯანმა გაცვალეს იმ შესაძლო საქონლის სიები, რომლითაც მათ ერთმანეთთან ვაჭრობა შეეძლოთ. მოგვიანებით სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა სომხურ მედიასთან განაცხადა, რომ ერევანი ბაქოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალუმინის ფოლგის, ფერომოლიბდენის, შინაური ცხოველების, კონიაკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის, თამბაქოს, ტექსტილის, ვარდებისა და სხვა სასათბურე პროდუქტების ექსპორტზე.
ბიშკეკში ლიდერების შეხვედრას სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს შორის კიდევ რამდენიმე შეხვედრა მოჰყვა, მათ შორის მირზოიანსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას, ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის.
იმავე დღეს სომხეთის ახლადდანიშნული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალენ სიმონიანი ბიშკეკში შეხვდა ჰიქმეთ ჰაჯიევს, ალიევის მრჩეველსა და მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.