საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს 

პუბლიკა

საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, პროცესის დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და გამჭვირვალობა ვერ უზრუნველყოფს იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროსაბჭო მოითხოვს.

საიას განცხადებით, კონკურსი განსაკუთრებით პრობლემურ გარემოში ტარდება – დემოკრატიული უკუსვლის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური კონტროლისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების ფონზე.

ორგანიზაციის პუბლიკაციაში „ევროსასამართლოს მოსამართლის შერჩევის კონკურსი საქართველოში დემოკრატიული ლეგიტიმაციის კრიზისის ფონზე“ შეფასებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მოქმედი პროცედურა ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და საქართველოში არსებულ უფლებრივ და ინსტიტუციურ კონტექსტთან მიმართებით.

კვლევაში მიმოხილულია მოსამართლის არჩევის ზოგადი წესი, ეროვნულ დონეზე კანდიდატების შერჩევის ძირითადი მოთხოვნები, საქართველოში მოქმედი რეგულაციები და ის გარემოებები, რომლებიც, საიას შეფასებით, კონკურსის გამჭვირვალობას, დამოუკიდებლობასა და სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორ ირჩევენ საქართველოს სახელით წარსადგენ მოსამართლეს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოს სახელით ცხრა წლის ვადით აირჩევა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს, თუმცა მანამდე საქართველომ ასამბლეას სამი კანდიდატისგან შემდგარი სია უნდა წარუდგინოს.

საიას შეფასებით, სწორედ ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად ღია, კონკურენტული და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია კანდიდატების შერჩევის ეროვნული პროცესი. ორგანიზაციის განცხადებით, ეროვნულმა შერჩევამ უნდა შექმნას საფუძველი იმისთვის, რომ სტრასბურგში მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლის არჩევა გახდეს შესაძლებელი.

იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით განისაზღვრა კანდიდატების შერჩევის წესი და შეიქმნა შესარჩევი კომისია.

თავდაპირველად საქართველო კანდიდატთა სიის ევროპის საბჭოსთვის წარდგენას 2026 წლის 4 თებერვლამდე გეგმავდა, თუმცა ვადა ორჯერ გახანგრძლივდა. საბოლოო ვადად 2026 წლის 30 სექტემბერია განსაზღვრული, ხოლო განაცხადების მიღება 1 სექტემბერს სრულდება.

შესარჩევ კომისიას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში არიან იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პროკურატურის, სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

მოქმედი პროცედურის მიხედვით, მიღებულ განაცხადებს თავდაპირველად იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი გადაარჩევს. ამის შემდეგ კომისია შერჩეულ აპლიკანტებს ინდივიდუალურად გაესაუბრება და ქულებით შეაფასებს. საბოლოო სამკაციანი სია კანდიდატების მიერ მიღებული საშუალო ქულების საფუძველზე ფორმირდება. სიაში განსხვავებული სქესის, სულ მცირე, ერთი კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი.

რა მოთხოვნებს აწესებს ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს წესების თანახმად, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მორალური თვისებებით და აკმაყოფილებდნენ მაღალი სასამართლო თანამდებობისთვის საჭირო პროფესიულ მოთხოვნებს ან იყვნენ აღიარებული იურისტები.

კანდიდატებს ასევე მოეთხოვებათ ინგლისური ან ფრანგული ენის სრულყოფილი ცოდნა და შესაბამისი ცოდნა ეროვნული, საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროებში. კანდიდატთა სია, როგორც წესი, გენდერულადაც დაბალანსებული უნდა იყოს.

თუმცა საერთაშორისო სტანდარტები მხოლოდ კანდიდატების ინდივიდუალურ კვალიფიკაციას არ ეხება. საიას მიხედვით, შერჩევის ეროვნული პროცესი უნდა იყოს:

  • წინასწარ გაწერილი, საჯარო და განჭვრეტადი;
  • ფართოდ გამოცხადებული და რეალურად ხელმისაწვდომი;
  • წარმართული დაბალანსებული, კომპეტენტური და გარე ზეგავლენისგან თავისუფალი ორგანოს მიერ;
  • დაფუძნებული კანდიდატებთან სამართლიან და სტანდარტიზებულ გასაუბრებებზე;
  • გამჭვირვალე შეფასების კრიტერიუმებსა და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე.

საია ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტს შეუძლია, სახელმწიფოს მიერ წარდგენილი სია საერთოდ არ დაუშვას კენჭისყრაზე, თუ დაასკვნის, რომ კანდიდატები სათანადო კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებენ ან მათი შერჩევის ეროვნული პროცესი საკმარისად სამართლიანი და გამჭვირვალე არ ყოფილა.

ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი სიის წარდგენა და პროცედურის თავიდან გავლა მოუწევს.

საია ოთხ ძირითად პრობლემაზე მიუთითებს:

ორგანიზაციის შეფასებით, მოქმედი კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს.

პირველი პრობლემა კომისიის რეალური დამოუკიდებლობაა.

საიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში ფორმალურად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტისა და აკადემიური დაწესებულების წარმომადგენლები არიან წარმოდგენილი, დემოკრატიული კონტროლის შესუსტებისა და ინსტიტუტებზე პოლიტიკური გავლენის პირობებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ერთ სივრცეში თავმოყრა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პლურალიზმსა და დამოუკიდებლობას.

საია მაგალითად 2016–2017 წლების კონკურსს ასახელებს. მაშინ კომისიის შემადგენლობა ფორმალურად უფრო მრავალფეროვანი იყო, თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, მასში გადამწყვეტი როლი მაინც სახელმწიფო ორგანოებს ჰქონდათ.

იმ პერიოდის კონკურსთან დაკავშირებით სამოქალაქო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პროფესიული წრეების წარმომადგენლები მიუთითებდნენ სახელმწიფო უწყებებს შორის შესაძლო არაფორმალურ შეთანხმებებზე, კანდიდატების დაუსაბუთებელ შეფასებებსა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მონაწილეების საბოლოო სიიდან გამორიცხვის რისკზე.

მეორე პრობლემა: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების არყოფნა

2016–2017 წლების კონკურსებისგან განსხვავებით, მიმდინარე კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღარ შედიან.

ამასთან, საია აღნიშნავს, რომ წინა კონკურსშიც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ნომინალური იყო. სწორედ ამის გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა კოალიციამ 2017 წლის ივლისში ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მესამე პრობლემა: შეფასების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა

მოქმედი წესი კანდიდატების ქულებით შეფასებას ითვალისწინებს, თუმცა არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასონ კომისიის წევრებმა პროფესიული გამოცდილება, ადამიანის უფლებათა სამართლის ცოდნა, ენების ფლობა, დამოუკიდებლობა, ეთიკა და სხვა მნიშვნელოვანი კომპეტენციები.

ასევე არ არის გაწერილი შეფასების დასაბუთების ვალდებულება. შედეგად, საიას შეფასებით, ქულების განაწილება რთულად შესამოწმებელი და არაგანჭვრეტადი ხდება.

მეოთხე პრობლემა: გამჭვირვალობის შემცირება

ახალი წესი აღარ ითვალისწინებს მონაწილეთა ვინაობის, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების, მიღებული ქულებისა და კომისიის სხდომების ოქმების სავალდებულო გასაჯაროებას.

გარდა ამისა, წესში არ არის გაწერილი სხდომების ღიაობა ან მედიის წარმომადგენლების დასწრების შესაძლებლობა.

საია ასევე მიუთითებს, რომ პროცედურა არ შეიცავს შედეგების გასაჩივრების მექანიზმს, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირებასა და შეფასების ინდივიდუალური დასაბუთების ვალდებულებას.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც საბოლოო შედეგი კანდიდატებისთვის მინიჭებულ ქულებზეა დამოკიდებული, თუმცა ქულების მინიჭების ლოგიკის საჯაროდ შემოწმება შეუძლებელია.

საია კონკურსს დემოკრატიულ კონტექსტშიც აფასებს. 

ორგანიზაციის შეფასებით, კონკურსის შეფასება მხოლოდ იმის დადგენით არ უნდა შემოიფარგლოს, ფორმალურად გამოქვეყნდა თუ არა ვაკანსია ან ჩატარდა თუ არა გასაუბრება.

ორგანიზაციის კვლევა მიუთითებს, რომ 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაღრმავდა. საია საუბრობს საჯარო სექტორზე პარტიული კონტროლის ზრდაზე, სასამართლოსა და სხვა ფორმალურად დამოუკიდებელი ინსტიტუტების პოლიტიზების გაძლიერებულ ნიშნებზე, ასევე იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მედია, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება სისტემური ზეწოლის პირობებში აღმოჩნდა.

საიას განცხადებით, ასეთ გარემოში დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმების შესუსტება პირდაპირ აისახება იმაზე, რამდენად შეუძლია კანდიდატთა შესარჩევ კომისიას პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ კომისიაში წარმოდგენილი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმალური ავტონომია მათი რეალური დამოუკიდებლობის მტკიცებულებად არ უნდა ჩაითვალოს.

რა უნდა შეაფასოს ევროპის საბჭომ

საიას განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე არაერთხელ გამოუხატავს შეშფოთება.

ამიტომ, ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების სიის განხილვისას ასამბლეამ და ექსპერტთა პანელმა მხოლოდ ის არ უნდა შეაფასონ, შესრულდა თუ არა პროცედურის ცალკეული ტექნიკური მოთხოვნები.

მათ ასევე უნდა შეაფასონ, მთლიანობაში იძლეოდა თუ არა პროცესი თავისუფალი კონკურენციის, ობიექტური შეფასებისა და პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებელი არჩევანის რეალურ შესაძლებლობას.

საია ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ცხრა წლის განმავლობაში მონაწილეობს ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი სასამართლოს საქმიანობაში და მის გადაწყვეტილებებს მილიონობით ადამიანის უფლებაზე აქვს გავლენა.

ამიტომ, ორგანიზაციის შეფასებით, კანდიდატების შერჩევა არ უნდა გადაიქცეს დახურულ ადმინისტრაციულ პროცესად ან პოლიტიკური ლოიალობის შემოწმების ინსტრუმენტად.

საია სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. 

ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული პრობლემების გადაჭრა უფრო ფართო სისტემური რეფორმებისა და სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია.

საიას შეფასებით, პროცესის რეალური სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მხოლოდ ვიწრო პროცედურული წესების დაცვა საკმარისი არ არის.

ორგანიზაცია სახელმწიფოს მოუწოდებს:

  • შეწყვიტოს მმართველი პარტიისთვის არასასურველი აზრის ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი და სხვა მექანიზმებით დევნის პრაქტიკა;
  • გააუქმოს რეპრესიული კანონები;
  • შეწყვიტოს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა;
  • გაითვალისწინოს, მათ შორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში ასახული რეკომენდაციები;
  • უზრუნველყოს კანდიდატთა შერჩევის წესის რეფორმა საზოგადოების ფართო ჩართულობით;
  • შერჩევის კომისიაში უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების/პროფესიონალების ფართო წარმომადგენლობა;
  • განსაზღვროს აპლიკანტთა შეფასების მკაფიო და წინასწარ გაწერილი კრიტერიუმები.

საიას პოზიციით, მხოლოდ ასეთი ცვლილებების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ისეთი შერჩევის პროცესის შექმნა, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს კანდიდატების დამოუკიდებელ, სამართლიან, გამჭვირვალე და ობიექტურ შეფასებას და, საბოლოოდ, საქართველოს სახელით მაღალი კვალიფიკაციისა და დამოუკიდებლობის მქონე მოსამართლის წარდგენას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.