Amnesty: აქციის შეწყალებული მონაწილე რუსეთში იძულებით დაბრუნებისგან დაცული უნდა იყოს

პუბლიკა

„Amnesty International“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას რუსეთის მოქალაქე დენის კულანინის რუსეთში იძულებით დაბრუნება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ კულანინს რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევის განცხადებით, კულანინი საჯაროდ შეეწინააღმდეგა რუსეთის ომს უკრაინაში და მხარდაჭერა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის – რუსეთში ეს ორივე ქმედება შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის საფუძველი გახდეს.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ის რუსეთში არ გააძევონ, რადგან ამჟამინდელი, მკაცრი რეპრესიების პირობებში, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოსულ განსხვავებული აზრის მქონე პირებს ეხებათ, მას შესაძლოა დაემუქროს თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის, წამებისა თუ სხვა სახის არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე“, – განაცხადა კრივოშეევმა.

„Amnesty International“-ის შეფასებით, საქართველო ვალდებულია, დაიცვას არადაბრუნების (non-refoulement) პრინციპი, რომელიც კრძალავს პირის ისეთ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება.

ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, კულანინს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის ეფექტური შესაძლებლობა მისცეს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხო მესამე ქვეყანაში ნებაყოფლობით გამგზავრების საშუალება.

რა ვიცით დენის კულანინის საქმეზე

დენის კულანინი იმ პირებს შორისაა, რომელიც 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ყაველაშვილმა შეიწყალა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 4 ივნისს მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა პოლიციის მანქანის დაზიანება 2025 წლის 28 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს.

შეწყალების შემდეგ ის შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. საქართველო მას 1 სექტემბერს უნდა დაეტოვებინა და მესამე ქვეყანაში გაფრენილიყო. მისმა ადვოკატებმა სასამართლოსა და დროებითი განთავსების ცენტრს წარუდგინეს მისი ავიაბილეთი, პასპორტი და ჩასხდომის ბარათი, თუმცა ხელისუფლებამ მესამე ქვეყანაში წასვლის უფლება არ მისცა.

დენის კულანინის ადვოკატის, ციალა რატიანის თქმით, 1 სექტემბერს მიგრაციის დეპარტამენტმა დენის კულანინს არ მისცა მესამე ქვეყანაში გამგზავრების საშუალება და სასამართლოს მიმართა შუამდგმომლობით, რომ ის გააძევონ რუსეთში, პროცესი კი ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება, რაც დაცვის მხარეს თავისი პოზიციის დასაბუთების საშუალებასაც ართმევს.

ადვოკატი ამბობს, რომ ეს ყოველივე არღვევს დენის კულანინის უფლებას, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

„Amnesty International“ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კულანინის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს როგორც საქართველოს დატოვების, ისე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში.