გერმანიაში მცხოვრები მსახიობი ბექა ბედიანაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.
ამის შესახებ მან Facebook-ზე თქვა.
ბექა ბედიანაშვილის თქმით, უარის თქმის მიზეზს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეუბნებოდნენ, შემდეგ კი 5000-ლარიანი ჯარიმა დაასახელეს. აქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
„ჩემს სამშობლოში შესვლის საშუალება არ მომეცა.
რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ. ინფორმაციას აგროვებდნენ, სანამ საბოლოოდ არ დაადგინეს, რაში სურდათ ჩემი დადანაშაულება. მათ არ სურდათ, ზუსტად ეთქვათ, რა უნდა გამეკეთებინა ან რა მქონდა დარღვეული. საქართველოს ხელისუფლება მკაცრია განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ.
ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არის მიზეზი, რის გამოც მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ადგილზე ვერ დავესწრები ჩემი ცოლის ძმის ქორწილს (ისინი რამდენიმე დღით ადრე გაფრინდნენ), და ახლა მეშინია, რომ სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აღარ მომცემენ“, – დაწერა ბექა ბედიანაშვილმა.
ბექა ბედიანა გერმანიის მოქალაქეა, მისი ცოლი რიტა ხურციძე კი გერმანიის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელია. რიტამ „პუბლიკას“ მეტი დეტალი მოუთხრო.
მან თქვა:
„ჩემი ქმარი გუშინ ჯერ საზღვარზე, საპასპორტო კონტროლზე გააჩერეს – უთხრეს, თქვენ ამ ქვეყანაში უპრობლემოდ შემოსულხართ აქამდეო? და კიო, ჩემმა ქმარმა, ყოველ წელს დავდივარო.
მერე მოვიდა სხვა მესაზღვრე ან პოლიცია და წაიყვანეს სხვაგან. იქ ორ საათზე მეტი დაჰყო და ეს ჯარიმა ბოლოს უთხრეს, მანამდე ბევრ თემაზე ედავებოდნენ და ინფორმაციებს ეკითხებოდნენ.
ჯერ 1000 ლარი რატომ გაქვთ ჯარიმაო. ბექამ, ალბათ პარკინგის არისო, ვერ მიხვდა, სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე ჰკითხეს საქართველოში შარშან სად იყავიო და აქციაზე თუ იყავიო? და ბექამ რომ უთხრა აქციაზე გავიარეთ, რადგან რუსთაველზე რესტორანში ვიყავი და იქ უბრალოდ ჩავიარეო. მერე უთხრეს, 5000 არის გადაუხდელი ჯარიმაო. ოღონდ არც ჯარიმის საბუთი, არც ის რომ გაუგზავნეს მისამართზე ან რამე არ უჩვენებიათ.
ბექამ ჰკითხა, თეორიულად, რომ გადავიხადო , ქვეყანაში შემიშვებთო? და უპასუხეს, ჯერ გადაიხადე და მერე გადავწყვეტთო.
ბექამ ჯარიმა არ ჩაიბარა და უკან გააბრუნეს. პასპორტი ბერლინში ჩასვლის შემდეგ დაუბრუნეს“.
„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.