კომუნიკაციის კომისიის მონაცემების თანახმად, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლების კომერციულმა სარეკლამო შემოსავლებმა 27 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53.4%-იანი ზრდაა. ზრდა დაახლოებით 9.4 მილიონ ლარს შეადგენს.
2026 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო მაუწყებლების კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 25.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 61.1%-ით მეტია. ამავე პერიოდში რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 1.8 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც წლიურად 7.9%-იან კლებას ნიშნავს.
რეკლამის ძირითადი ფორმა პირდაპირი კომერციული რეკლამაა
სატელევიზიო და რადიომაუწყებლების შემოსავლების უდიდესი ნაწილი პირდაპირ კომერციულ რეკლამაზე მოდის. 2026 წლის მეორე კვარტალში მისი წილი 83.9% იყო. პროდუქტის განთავსებამ 9.5%, სპონსორობამ 6.6%, განცხადებებმა 0.1%, ტელეშოპინგმა კი დაახლოებით 0.01% შეადგინა. ერთი წლით ადრე პირდაპირი რეკლამის წილი 73.1% იყო.
ტელევიზიების შემთხვევაში პირდაპირი კომერციული რეკლამის წილი კიდევ უფრო მაღალია და 83.6%-ს აღწევს. 2025 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 71% იყო.
ყველაზე დიდი შემოსავლები „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ მიიღეს
კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ტელევიზიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება „რუსთავი 2“-ის მაჩვენებელში დაფიქსირდა. 2026 წლის მეორე კვარტალში არხის სარეკლამო შემოსავალმა 9.75 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 282%-იანი ზრდაა. ანგარიშის მიხედვით, ზრდის მთავარი მიზეზი რეკლამის ერთი წამის საშუალო ფასის 202%-ით მატება გახდა. ამასთან, რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 2%-ით შემცირდა, ხოლო რეკლამის ხანგრძლივობა 26%-ით გაიზარდა.
„იმედის“ სარეკლამო შემოსავალმა დაახლოებით 8.1 მილიონი ლარი შეადგინა – წლიურად 48%-ით მეტი. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 16%-ით, ხოლო რეკლამის ხანგრძლივობა 4%-ით შემცირდა, შემოსავალი რამდენიმე ახალი მსხვილი დამფინანსებლის გამოჩენამ გაზარდა.
ზოგიერთი არხის შემოსავლები შემცირდა
სარეკლამო ბაზრის საერთო ზრდის მიუხედავად, ყველა მაუწყებელმა ზრდა ვერ აჩვენა.
POSTV-ის კომერციული სარეკლამო შემოსავალი დაახლოებით 1.18 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 25%-იანი კლებაა. რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 46%-ით, ხოლო რეკლამის ხანგრძლივობა 43%-ით შემცირდა. ამავე დროს, ერთი წამის რეკლამის საშუალო ფასი დაახლოებით 31%-ით გაიზარდა.
„ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალი დაახლოებით 1.4 მილიონ ლარამდე შემცირდა და წლიურად 11%-იანი კლება დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, არხზე რეკლამის ერთი წამის ფასი დაახლოებით 16%-ით, ხოლო რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 22%-ით შემცირდა.
„ფორმულას“ კომერციული სარეკლამო შემოსავალი დაახლოებით 1.2 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17%-ით ნაკლებია. კლების მთავარი ფაქტორი რეკლამის დამკვეთების რაოდენობის მკვეთრი – 79%-იანი შემცირება გახდა; ერთი წამის რეკლამის ფასიც დაახლოებით 15%-ით შემცირდა.
რომელ სექტორებს უჭირავთ სატელევიზიო რეკლამის ყველაზე დიდი წილი?
კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი წილი სასმელების სექტორს 23.9% ეკავა. მას მოჰყვებოდა ინდუსტრია და სერვისები – 20.7%, საკვები – 14.5%, ხოლო სილამაზისა და ჯანმრთელობის მიმართულება – 14.4%.
ტელევიზიების რეიტინგი
ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო მოხმარების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მცირედ შეიცვალა. II კვარტალში სრული ყურებადობის -Live + გადახვევის მაჩვენებელი 17.9% იყო, პირდაპირი ეთერის მაჩვენებელი კი 17.6%. გადახვევის წილმა დაახლოებით 7.2% შეადგინა.
არხების რეიტინგებში Live + გადახვევის გათვალისწინებით პირველ ადგილზე „იმედი“ იყო 5.0%-იანი RTG-ით, შემდეგ მოდიოდა „რუსთავი 2“ – 1.9%, POSTV – 1.4%, „ტელეკომპანია პირველი“ – 1.0%.
კვარტლის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს შორის განსაკუთრებით დომინირებდა ფეხბურთი: ათეულში მოხვდა ჩემპიონთა ლიგის მატჩები, საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრები და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 12.4% „პსჟ–არსენალის“ მატჩს ჰქონდა.