ლევან იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროში მოინახულა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. შეხვედრა ღარიბაშვილის ადვოკატებმა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერს შვილებთან დაგეგმილი შეხვედრა გაუუქმდა.

მისივე თქმით, შეხვედრა ჰქონდა ციხის ადმინისტრაციასთანაც, სადაც უთხრეს, რომ პაემნის გაუქმება ინფრასტრუქტურულ პრობლემას უკავშირდებოდა.

„შეხვედრა მქონდა ციხის ადმინისტრაციასთანაც, რომელსაც არ აქვს განწყობა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ბატონი ირაკლის მიმართ იმ პოლიტიკის ცვლილებას, რაც აქამდე ჰქონდა. პერიოდულად ის იღებდა წამახალისებელი პაემნების შესაძლებლობას. შეხვედრის გაუქმება დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ საკითხთან – რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში და ამიტომ ვერ მოხერხდა შეხვედრის ჩანიშვნა. თუმცა სამომავლოდ რაიმე ტიპის უარი ასეთ პაემნებზე ციხის ადმინისტრაციას არ დაუფიქსირებია“, – თქვა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველთან“.

თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ შვილებთან შეხვედრა ბოლო კვირებში გამოქვეყნებული წერილების გამო გაუუქმეს.

ინფრასტრუქტურული პროექტის და რემონტის შესახებ – უწყებამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს.

„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის 31 აგვისტოს განცხადებაში.

დღეს, 2 სექტემბერს ლევან იოსელიანის განცხადების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაიმეორა 2 დღის წინანდელი განცხადება, რომ ღარიბაშვილის შვილებთან პაემანი არ გაუქმებულა, ვინაიდან შეხვედრა არც ჩანიშულა.

„მას ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული“, – წერს პენიტენციური სამსახური.

დღეს ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა ასევე თქვა, რომ მისი აპარატი მუდმივად აკვირდება როგორც ღარიბაშვილის, ისე სხვა პატიმრების მდგომარეობას.

ლევან იოსელიანის თქმით, ღარიბაშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამოუთქვამს“, ამასთან, „ემადლიერება ციხის ადმინისტრაციის დირექტორს“.

იოსელიანის თქმით, შეხვედრის ფარგლებში ღარიბაშვილის მიერ დაწერილ წერილებსა და სხვა მსგავს საკითხებზე არ ულაპარაკია.

„ჩემი შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, გავცნობოდი მის საცხოვრებელ პირობებს, ინფორმაცია მიმეღო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პაემნის გაუქმებაზე“, – თქვა ლევან იოსელიანმა.