რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსეი შევცოვი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასა და აზერბაიჯანთან რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.
რუსული გამოცემა Interfax-ის ცნობით, ეს შევცოვმა განაცხადა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, სახელწოდებით „რეგიონთაშორისი თანამშრომლობა ევრაზიაში“.
შევცოვის თქმით, რუსეთს მეგობარ და ნეიტრალურ სახელმწიფოებთან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სხვადასხვა ეკონომიკური მოდელის შეთავაზება შეუძლია.
„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია შესთავაზოს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები და ჩვენ ამას ვაკეთებთ ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიცაა ჩინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ასევე ყველა მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყანასთან. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან“, – თქვა ალექსეი შევცოვმა.
მისივე თქმით, რეგიონთაშორისი კავშირების განვითარება მხოლოდ ვაჭრობითა და საქონლის გაცვლით არ უნდა შემოიფარგლოს და თანამშრომლობა ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნის მიმართულებით უნდა განვითარდეს.
„ჩემი აზრით, რეგიონთაშორისი კავშირების განვითარება უნდა გადავიდეს მარტივი ვაჭრობისა და საქონლის გაცვლის ეტაპიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნაზე“, – თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.
შევცოვის განცხადებით, ასეთი თანამშრომლობა რუსეთის ეკონომიკური ოპერატორების არსებულ საქმიანობას შეავსებს. ამასთან, მისი თქმით, რეგიონთაშორისი ურთიერთობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ისტორიული მეხსიერებისა და ტრადიციების შენარჩუნების თვალსაზრისითაც.