პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის რესტორანში დაბრუნების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილს „ხელი აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში”, რაზეც პროკურატურა აცხადებს, რომ ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო და რესტორანში შეჭრას ცდილობდა, ამასთან, დაზარალებულების მისამართით მუქარასა და გინებას აგრძელებდა.
„30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.
მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს. კერძოდ, უთხრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, დაბრუნდებოდა დაახლოებით 30 წუთში და არ დაეტოვებინათ რესტორნის ტერიტორია.
დაზარალებულებმა ვითარების მეტად გამწვავების თავიდან ასარიდებლად რესტორნის ტერიტორია დატოვეს.
31 აგვისტოს დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით შემთხვევის ადგილზე ბრუნდება,რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში.
ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გუშინ, 3 სექტემბერს, თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც მუქარას გულისხმობს და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება თავად ელიზბარაშვილი.
ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, დააკავეს.
თამაზ ელიზბარაშვილი 31 აგვისტოს ჰყვებოდა, რომ 30 აგვისტოს ერთ-ერთ რესტორანში დაახლოებით რვა პირმა გზა გადაუღობა და მათთვის ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, მათ შორის, ელიზბარაშვილის მიერ დაფიქსირებული პროუკრაინული პოზიციის გამო. ელიზბარაშვილი ჰყვებოდა, რომ სიტყვიერ დაპირისპირებას მისი ცოლიც შემოესწრო. მან მასთან დაპირისპირებულ პირებს უთხრა, რომ ცოლის გარეშე დაბრუნდებოდა და მერე გაეგრძელებინათ კამათი, თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი რესტორანში აღარ დახვდნენ.