საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა

პუბლიკა

საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს, რომელიც საბა სხვიტარიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს.

ორგანიზაცია წერს, რომ უკვე გააგზავნა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, რომლითაც იგი ითხოვს, რომ სასამართლომ დარღვეულად ცნოს საბა სხვიტარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით განახორციელა, რის გამოც იგი ასევე გახდა მე-6 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“) დარღვევის მსხვერპლიც.

„საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ცრუ ჩვენებებსა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევის შედეგად მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს, უგულებელყო რა, ამასთანავე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გამამართლებელი მტკიცებულებები.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ხარვეზები, ერთობლიობაში, სერიოზულ ეჭვებს აჩენს საბა სხვიტარიძის მიმართ ჩატარებულ სისხლის სამართლის საქმისწარმოების სამართლიანობასთან და შიდა სასამართლოების მიერ მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის არგუმენტების სათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.

დაკავებისას და პოლიციის შენობაში მიყვანისას საბა სხვიტარიძე პოლიციელთა მხრიდან ასევე დაექვემდებარა ძალადობრივ ქმედებებს. მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას საბა სხვიტარიძე ცალკე საჩივრით გაასაჩივრებს”, – წერს ორგანიზაცია.


აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდების მხარე პოლიციელზე – მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა. აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის გათვალისწინებული.

თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა – სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძის ქმედება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიდან, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე გადააკვალიფიცირა, დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა გამოყენებულ ფორმულირებას და მოითხოვდა გამამართლებელი განაჩენის უალტერნატივოდ გამოტანას. დეტალები იხილეთ ბმულზე;

რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტთან“

სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყვნენ პირები, რომელთაც ეკეთათ პირბადე, ნაწილს ეხურა კაპიუშონი. როგორც შემდგომ გაირკვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელები იყვნენ, მათ შორის იყო მირიან ქავთარაძეც.

დაცვის მხარის თქმით, „ადგილზე მყოფი პოლიციელები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ და ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობენ ე.წ. ტიტუშკები“.

მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება და ამან ჩააყენა საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში.