კრემლში პუტინის ამერიკელ წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.
ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა გამართულ შეხვედრას შინაარსიანი და ნდობით აღსავსე უწოდა. როგორც მან მედიას განუცხადა, პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობა. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა კი პირობა დადეს, რომ კიევში დაგეგმილი მომავალი მოლაპარაკებების დროს რუსეთის მიერ წარმოდგენილ ვითარების შეფასებებს გაითვალისწინებენ.
„ამერიკელი წარმომადგენლები ამ ვიზიტისთვის სერიოზულად მოემზადნენ. ისინი არა მხოლოდ გამოთქვამდნენ ტრადიციულ დაინტერესებას საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებით, არამედ ჩამოაყალიბეს მთელი რიგი მოსაზრებები დარეგულირების შესაძლო გზებთან დაკავშირებით“ – განუცხადა იური უშაკოვმა მედიას.
უშაკოვის თქმით, შეხვედრის დროს ასევე განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც, მათ შორის, პოტენციური მსხვილი, ორმხრივად მომგებიანი რუსულ-ამერიკული პროექტები.
ვლადიმერ პუტინმა შეხვედრამდე გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში ტრამპის ძალისხმევა შეაქო, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალებს უბრძანა, სამი დღის განმავლობაში კიევზე არ განეხორციელებინათ დარტყმები, ტრამპის წარმომადგენელთა ვიზიტის უსაფრთოების გამო.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები „შინაარსიანი“ იყო და რომ შემდეგი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.
ეს უიტკოფისა და კუშნერის მერვე ვიზიტი იყო რუსეთში. დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, რადგან მოლაპარაკებების დასრულებიდან მალევე გაფრინდნენ მოსკოვიდან. ისინი 6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.