აშშ-ში, ბოსტონის ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას ფულის გათეთრების თაღლითურ სქემაში მონაწილეობისთვის ბრალი წარუდგინეს. სქემა 1.3 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავს და ჯანდაცვის სფეროს ეხება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი თაღლითური სქემა ჯანდაცვის სფეროში, რაც მათ გამოუძიებიათ.
უწყებისვე ცნობით, გუგავა სავარაუდო დანაშაულის პერიოდში შეერთებულ შტატებში უკანონოდ იმყოფებოდა, 2025 წლის ივლისში კი მან ქვეყანა დატოვა.
იუსტიციის დეპარტამენტი წერს, რომ სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, გუგავა უცხოეთში დაფუძნებული ორგანიზაციის გავლით ათეთრებდა. თაღლითურ სქემას დეპარტამენტმა „ოპერაცია Gold Rush“ უწოდა.
გამოძიების ვერსიით, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მოქმედმა ორგანიზაციამ Medicare-ისა (დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა) და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო კომპანიების წინააღმდეგ თაღლითობისა და ფულის გათეთრების მრავალმილიარდიანი სქემა შექმნა.
ბრალდების დოკუმენტების თანახმად, 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე გუგავა ფიქტიურად ფლობდა პენსილვანიაში მდებარე სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია ND Medical Solutions, LLC-ს (ND Medical).
გუგავას სავარაუდო მფლობელობის ხანმოკლე, ხუთთვიან პერიოდში ND Medical-მა როგორც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამიდან, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან, ასევე კერძო დამსაქმებლებისგან, რომლებიც თანამშრომლების დაზღვევას უზრუნველყოფდნენ, 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ანაზღაურებები მოითხოვა. ამ კომპანიებმა ND Medical-ს დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.
ამერიკული გამოძიების თანახმად, გუგავა მიღებული თანხების მოძრაობასაც უზრუნველყოფდა. მას, სავარაუდოდ, ND Medical-ის რამდენიმე საბანკო ანგარიშზე ჰქონდა წვდომა და ამ ანგარიშებზე Medicare-ისა და სხვა სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული ჩეკების შეტანას უზრუნველყოფდა.
შემდეგ თანხები სხვადასხვა უცხოურ საბანკო ანგარიშზე ირიცხებოდა, ორგანიზაციის სასარგებლოდ.
ბრალდების დოკუმენტებში ნათქვამია, რომ სავარაუდო თაღლითური მოთხოვნების დასასაბუთებლად მოქალაქეების მოპარული პირადი მონაცემებიც გამოიყენებოდა.
გამოძიების თანახმად, მონაცემები ეკუთვნოდათ მასაჩუსეტსის, ახალი ინგლისის სხვა შტატებისა და აშშ-ის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებს.
მათ შორის იყვნენ ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებმაც Medicare-სა და მის კონტრაქტორებს მიმართეს მას შემდეგ, რაც მიიღეს დოკუმენტები, სადაც ეწერა, რომ მათ სამედიცინო მოწყობილობები მიიღეს.
მოქალაქეების განცხადებით, რეალურად მათ ასეთი მოწყობილობები არ მიუღიათ. ამასთან, დოკუმენტებში მითითებული იყო ექიმების სახელები, რომლებთანაც ისინი არასდროს ყოფილან, ხოლო მოწყობილობების მიმწოდებლად დასახელებული იყო ND Medical – კომპანია, რომლის შესახებაც მათ არაფერი სმენოდათ.
ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა აშშ-ის კანონმდებლობით 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ასევე გათვალისწინებულია სამ წლამდე ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლება და 500 ათას დოლარამდე ჯარიმა, ან გათეთრებული თანხის ორმაგი ოდენობის ჯარიმა – იმის მიხედვით, თუ რომელი თანხაა მეტი. სასჯელის საბოლოო ოდენობას ფედერალური სასამართლოს მოსამართლე განსაზღვრავს.
საქმეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება და სხვა ფედერალური უწყებები იძიებენ.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2007 წლიდან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა ჯგუფებმა 6 200-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი. მათი სავარაუდო თაღლითური მოთხოვნების საერთო მოცულობამ ფედერალური ჯანდაცვის პროგრამებისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ 45 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, აშშ-ის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ბრალდების დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს მხოლოდ ბრალდებებს. ერეკლე გუგავა უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა სასამართლოში გონივრულ ეჭვს მიღმა არ დამტკიცდება.