პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს

პუბლიკა

გენერალური პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისა და მის ნათესავ ვასილ მხეიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას მოითხოვს.

უწყების განცხადებით, ბურჭულაძესა და მხეიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე წარედგინათ ბრალი. პროკურატურა სასამართლოს პირველივე წარდგენის სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს, რაც მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას გულისხმობს.

პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ იქნება ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

მას სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამასთან, ბურჭულაძეს 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება. აქედან 1 წელსა და 2 თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი პირობითად ჩაეთვლება, იმავე გამოსაცდელი ვადით. მხეიძეს ასევე 100 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრება.

საპროცესო შეთანხმების პირობების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ სასამართლომ უნდა მიიღოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, საქმე 2021-2024 წლებში, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, თავდაცვის სამინისტროს მიერ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება გაუჩნდა. უწყების მტკიცებით, ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისმა ნათესავმა ვასილ მხეიძემ შესაბამისი გამოცდილების მქონე ბიზნესმენს შესყიდვის ისეთი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რომელიც დაკავშირებულ კომპანიებს გამარჯვებას გარანტირებულად უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ კი მან მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდი ფულის სახით გადაცემა მოითხოვა.

პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა თავდაპირველად დანაშაულებრივ შეთანხმებაზე უარი თქვა და მაღალი თანამდებობის პირებისგან დამატებითი გარანტიები მოითხოვა, ბურჭულაძე მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები იმგვარად განხორციელდებოდა, რაც ბიზნესმენის კომპანიებს სასურველ ფასად გამარჯვებას უზრუნველყოფდა.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა ბურჭულაძეს შესაბამისი სამსახურებრივი მხარდაჭერა გაუწია და, თავის მხრივ, საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღებაც მოითხოვა.

პროკურატურის მტკიცებით, ბურჭულაძის დავალებით თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.

გამოძიების ვერსიით, შედეგად, სამი საიდუმლო შესყიდვის ფარგლებში ბურჭულაძესთან და სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.

პროკურატურის ინფორმაციით, სხვაობამ 6 985 255 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფოსთვის მიყენებულ ქონებრივ ზიანად არის შეფასებული.

უწყების განცხადებით, ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს რამდენიმე ეტაპად, ნაღდი ფულის სახით, სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1.9 მილიონი ლარი გადასცა.

პროკურატურის ინფორმაციით, აქედან 400 ათასი ლარი მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 1.5 მილიონი ლარი ბურჭულაძეს გადასცა.

ბურჭულაძემ, პროკურატურის მტკიცებით, მიღებული თანხიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

პროკურატურამ ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

ვასილ მხეიძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 338-ე მუხლებით, შესაბამისი ნაწილებითა და ქვეპუნქტებით.

ბრალდებები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებასა და ქრთამის აღებაში დახმარებას ეხება. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და ვასილ მხეიძე უკვე მსჯავრდებულები არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და მათ შესაბამისი სასჯელები აქვთ განსაზღვრული.

ამასთან, პროკურატურის განცხადებით, სწორედ გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით გეგმავს უწყება ბურჭულაძესა და მხეიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და სასამართლოსგან საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას ითხოვს.

ამავე სისხლის საქმეზე რიგით მეორე ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.