„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ მოამზადა დასკვნა Wildberries-ის შესახებ, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიაა და რომელიც რამდენიმე წელია, საქართველოშიც გააქტიურდა. EPRC მიმოიხილავს ქართული ბრენდებს სავაჭრო პლატფორმაზე, ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივასა და კრემლის გეგმაში თანამონაწილეობის საფრთხეს.
რუსული ონლაინვაჭრობის გიგანტი Wildberries ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას რუსეთის ფარგლებს გარეთაც აფართოებს.
2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის უკრაინული დარტყმების შედეგად Wildberries-ის სულ მცირე რვა საწყობი მწყობრიდან იყო გამოსული, 20-ზე მეტი ობიექტი კი – დაზიანებული. პარალელურად, ივლისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია დამატებით სასაწყობე სივრცეს ყაზახეთში ეძებდა.
რუსეთის შიდა ლოჯისტიკური ქსელის დაზიანების ფონზე, კომპანიისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული ინფრასტრუქტურა.
2026 წლის აპრილის მონაცემებით, Wildberries საქმიანობდა რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. კომპანია ასევე თანამშრომლობდა გამყიდველებთან ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხოლო ეთიოპია მის მე-11 ბაზრად იქცა.
რა ხდება საქართველოში?
EPRC წერს, რომ Wildberries-ის ოფიციალური გაყიდვების ინფრასტრუქტურა საქართველოში უკვე მოიცავს საწყობებს, დახარისხების ცენტრებსა და შეკვეთების გაცემის პუნქტებს.
4 ივნისს განახლებული ოფიციალური ინსტრუქციის თანახმად, ქართველ გამყიდველებს შეუძლიათ პლატფორმაზე შეარჩიონ კონკრეტული საწყობი ან დახარისხების ცენტრი და მიიღონ ინფორმაცია საქონლის მიღების პირობების, ლოჯისტიკური ტარიფების, დახარისხების ვადებისა და მომხმარებლამდე მიწოდების შესახებ.
ეს მიუთითებს, რომ საქართველოში Wildberries-ის საქმიანობა მხოლოდ შეკვეთების გაცემის პუნქტებით აღარ შემოიფარგლება და კომპანია ადგილობრივ ინფრასტრუქტურას საქონლის მიღებისა და დახარისხებისთვისაც იყენებს.
ამასთან, ღია წყაროებით ამ ეტაპზე საქართველოში დიდი, ფართომასშტაბიანი ლოჯისტიკური ცენტრის არსებობა არ დასტურდება. იგივე ეხება აზერბაიჯანსაც.
სომხეთში კი ვითარება განსხვავებულია – 30 მარტს ერევანში Wildberries-ის დაახლოებით 23 000 კვადრატული მეტრის ლოჯისტიკური კომპლექსი ამოქმედდა. ცენტრი გამყიდველების პროდუქციის შენახვასა და დამუშავებას უზრუნველყოფს და დღეში 500 000-მდე ერთეულის დამუშავება შეუძლია.
ცენტრის გახსნა უკრაინის მიერ Wildberries-ის საწყობებზე ინტენსიური დარტყმების დაწყებამდე მოხდა.
რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის სასაწყობე ქსელის დაზიანების პირობებში, რუსეთის ფარგლებს გარეთ უკვე არსებული და მომავალში დაგეგმილი ლოჯისტიკური სიმძლავრეების მნიშვნელობა ობიექტურად იზრდება.
EPRC წერს, რომ თუ Wildberries მსგავს ინფრასტრუქტურას მეზობელ ქვეყნებში გააფართოებს და აქტიურად გამოიყენებს, მას შესაძლებლობა ექნება, შეამციროს რუსეთის ტერიტორიაზე ომისა და სანქციების შედეგად მიღებული ზარალი და შეინარჩუნოს მიწოდების ქსელის ფუნქციონირება.
სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა საქართველო ამ რეგიონული დივერსიფიკაციის პროცესის ნაწილი გახდეს?
რატომ არის Wildberries-ის გაფართოება საქართველოში პრობლემური?
EPRC მიუთითებს, რომ Wildberries-ის საქართველოში გაფართოება მხოლოდ ონლაინვაჭრობისა და უცხოური ბიზნესსაქმიანობის საკითხი აღარ არის.
პირველი პრობლემა თავად კომპანიის კავშირებს უკავშირდება. Wildberries-ის ფინანსური ეკოსისტემის ნაწილი, Wildberries Bank, 2026 წელს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა. ბანკის 5%-იანი წილის მფლობელია ასევე სანქცირებული რუსული ბანკი VTB.
ამასთან, Wildberries-ის პლატფორმა რუსეთის სამხედროებისთვის საჭირო პროდუქციის, მათ შორის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის შესაძენად გამოყენების შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელმა მედია-გამოძიებებმაც გამოაქვეყნა.
ეს კი საქართველოში მოქმედებისთვის დამატებით სანქციურ და ექსპორტის კონტროლის რისკებს ქმნის.
ორმაგი დანიშნულების საქონლის რისკი
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოში ასეთი პროდუქციის ვაჭრობისა და რეექსპორტის კონტროლის საკითხს.
თუ Wildberries-ის მეშვეობით საქართველოში სანქცირებული ან ორმაგი დანიშნულების საქონელი შემოდის და შემდეგ სხვა ბაზრებზე გადის, ქვეყანაში კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
ამიტომ, კომპანიის ადგილობრივი ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაფართოება მხოლოდ კომერციული მოცულობების ზრდას არ ნიშნავს — ის პოტენციურად ზრდის იმ საქონლის ნაკადებსაც, რომელთა მიმართ სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და საბოლოო მომხმარებლის შემოწმებაა საჭირო.
ქართული კომპანიების ინტეგრაცია
კიდევ ერთი საკითხია ქართული ბიზნესის მზარდი ინტეგრაცია Wildberries-ის სისტემაში.
პლატფორმაზე უკვე იყიდება ქართული ბრენდების პროდუქცია, ხოლო ქართველ მეწარმეებს Wildberries პირდაპირ გამყიდველებად ჩართვას სთავაზობს.
ერთი მხრივ, ეს ქართული კომპანიებისთვის რუსეთისა და რეგიონის ბაზრებზე გასვლის დამატებითი კომერციული შესაძლებლობაა. თუმცა, მეორე მხრივ, სანქცირებულ ფინანსურ ეკოსისტემასთან დაკავშირებულ პლატფორმაზე საქმიანობა მათთვის რეპუტაციულ და პოტენციურად ფინანსურ რისკებსაც ქმნის.
Wildberries-ზე იყიდება შემდეგ ქართული ბრენდები:
- Borjomi – მინერალური წყალი
- Nabeghlavi – მინერალური წყალი
- Natakhtari – უალკოჰოლო სასმელები
- Zedazeni – უალკოჰოლო სასმელები
- Gurieli – ჩაი
- Kula – საწებლები და კონსერვირებული პროდუქცია
- Badagoni – ღვინო
- Chateau Mukhrani – ღვინო
- Askaneli – ღვინო და სპირტიანი სასმელები
- Sarajishvili – კონიაკი
- MACH & MACH – პრემიუმ მოდა
- ANOUKI – პრემიუმ მოდა
- Aleksandre Akhalkatsishvili – პრემიუმ მოდა
რისკი ქართული ბანკებისთვისაც
EPRC წერს, რომ Wildberries-ის საქართველოში საქმიანობა დამატებით გამოწვევებს უქმნის ადგილობრივ ფინანსურ სექტორსაც.
მომხმარებლები პლატფორმაზე ქართული საბანკო ბარათებით იხდიან, მაშინ როდესაც კომპანიის ეკოსისტემაში შედის Wildberries Bank, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.
Wildberries Bank-ის სანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განმარტა, რომ სანქციების დარღვევისა და მათი გვერდის ავლის რისკები თავად ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეაფასონ.
შესაბამისად, ქართული ბანკებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ტრანზაქციების სათანადო შემოწმება და იმის შეფასება, ხომ არ ქმნის კონკრეტული ოპერაცია სანქციების გვერდის ავლის რისკს.
„უცხოური ინვესტიცია“ თუ რუსული ინფრასტრუქტურის გაფართოება?
Wildberries-ის საქართველოში გაფართოების მიმართ კრიტიკული შეფასების მთავარი არგუმენტი სწორედ ეს არის: სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობასა და იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას შორის, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბიზნესს ომისა და სანქციების პირობებში ფუნქციონირების გაგრძელებაში ეხმარება?
EPRC-ის შეფასებით, თუ საქართველოში Wildberries-ის ლოჯისტიკური შესაძლებლობები გაიზრდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე კომპანიის საწყობების ნაწილი უკრაინული თავდასხმების შედეგად დაზიანებული ან განადგურებული დარჩება, უცხოეთში არსებული ლოჯისტიკური ქსელის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ამ შემთხვევაში საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს იმ რეგიონული ინფრასტრუქტურის ნაწილში, რომელიც Wildberries-ს რუსეთის შიდა ქსელის პრობლემების კომპენსირებაში ეხმარება.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საქართველო შეგნებულად ხდება რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური ქსელის მონაწილე. თუმცა, სანქცირებული კომპანიის გაფართოების ფონზე ლოჯისტიკური, ფინანსური და სავაჭრო რისკების იგნორირება შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდეს.
ამიტომ Wildberries-ის საქართველოში საქმიანობის შეფასება მხოლოდ ონლაინვაჭრობის ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების ან უცხოური ინვესტიციის ჭრილში აღარ არის საკმარისი.
EPRC-ის თანახმად, საჭიროა შეფასდეს, რა ტიპის საქონელი გადაადგილდება პლატფორმის მეშვეობით, როგორია მისი საბოლოო დანიშნულების კონტროლი, როგორ ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება და რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს Wildberries-ის რეგიონულ ლოჯისტიკურ ქსელში.
ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის გაფართოებამ საქართველო არ აქციოს იმ ეკონომიკური და ლოჯისტიკური სისტემის ნაწილად, რომელიც რუსეთის ბიზნესს ომისა და საერთაშორისო სანქციების პირობებში მდგრადობის შენარჩუნებაში ეხმარება.