გეკა გელაძე, რომელმაც სუსის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, 14 სექტემბერს განაცხადა, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 14 სექტემბერს თქვა მას შემდეგ, რაც სუსის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.
კობახიძის თქმით, გეკა გელაძეს სუსის უფროსობიდან გადადგომის „პირადი მიზეზები ჰქონდა, რაზე საუბარიც არ ისურვა“.
„მას ჰქონდა თავისი პირადი მიზეზები და მან თავად არ ისურვა ამ პირად მიზეზებზე საუბარი, ეს რა თქმა უნდა, თავისი საქმეა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან გელაძეს მადლობა გადაუხადა „გაწეული საქმიანობისთვის“ და თქვა, რომ ის არის „გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი“.
„ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – თქვა კობახიძემ.
თავად გეკა გელაძე ბრიფინგს არ დასწრებია.
გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2026 წლის 22 აპრილს დაინიშნა. მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.
გელა გელაძე სუსის მესამე უფროსია, რომელიც ბოლო 13 თვეში გადადგა.
სუსის უფროსის თანამდებობაზე მან მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა, რომელმაც 2026 წლის 21 აპრილს დატოვა თანამდებობა. მდინარაძე სუსის უფროსი იყო 2025 წლის 3 სექტემბრიდან. მდინარაძემდე თანამდებობას ანრი ოხანაშვილი იკავებდა 2025 წლის 4 აპრილიდან.
სუსის უფროსის პოსტიდან წასვლის შემდეგ გელაძის წინამორბედი მამუკა მდინარაძე „სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად“ დანიშნეს, შემდეგ კი ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უნდა გამხდარიყო. ახალი პოსტის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, თანამდებობის შექმნამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
თუმცა 2026 წლის 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რასაც წინ უძღოდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ციხეში ყოფნისას მას მდინარაძემ წერილი მისწერა და მისთვის წარსადგენი ახალი ბრალდების შესახებ აცნობა. სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. „ქართული ოცნება“ არც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას შექმნის.