გელა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
მისი განცხადებით, „პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს“.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს“, – წერს გეკა გელაძე.
მისივე თქმით, სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ქვეყნისთვის სამსახურის შესაძლებლობა იყო. გელაძემ მადლობა გადაუხადა სამსახურის თანამშრომლებს, პოლიტიკურ გუნდს, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს „გამოცხადებული ნდობისთვის“.
„დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, – დაწერა მან.
გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2026 წლის 22 აპრილს დაინიშნა. მანამდე, 2025 წლის 28 მაისიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.
გელა გელაძე სუსის მესამე უფროსია, რომელიც ბოლო 13 თვეში გადადგა.
სუსის უფროსის თანამდებობაზე მან მამუკა მდინარაძე ჩაანაცვლა, რომელმაც 2026 წლის 21 აპრილს დატოვა თანამდებობა. მდინარაძე სუსის უფროსი იყო 2025 წლის 3 სექტემბრიდან. მდინარაძემდე თანამდებობას ანრი ოხანაშვილი იკავებდა 2025 წლის 4 აპრილიდან.
სუსის უფროსის პოსტიდან წასვლის შემდეგ გელაძის წინამორბედი მამუკა მდინარაძე „სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად“ დანიშნეს, შემდეგ კი ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უნდა გამხდარიყო. ახალი პოსტის შექმნა სექტემბერში იგეგმებოდა, თანამდებობის შექმნამდე კი მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
თუმცა 2026 წლის 27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რასაც წინ უძღოდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ციხეში ყოფნისას მას მდინარაძემ წერილი მისწერა და მისთვის წარსადგენი ახალი ბრალდების შესახებ აცნობა.
სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. „ქართული ოცნება“ არც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას შექმნის.