ირაკლი კობახიძის თქმით, მათ აქვთ „ამბიციური გეგმები” და გეგმის თანახმად, 3 დიდი ჰესი უნდა აშენდეს. როგორც კობახიძემ განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს აქვს „ფუნდამენტური წინსვლა” დიდი ჰესების მიმართულებით, წინასწარ მზადდება ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში „იყოს უზრუნველყოფილი ინვესტიციები და დაიწყოს დიდი ჰესების მშენებლობა”. მისი თქმით, მთლიანობაში ეს გრძელვადიანი პროცესია.
პრემიერის განცხადებით, ქვეყანას აქვს 10-წლიანი ხედვა, რომლის მიხედვითაც არსებული გენერაცია 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს.
„ჩვენი მიზანია, დღევანდელი გენერაცია 4 800 მგვტ გაიზარდოს 11 500 მგვტ-მდე და ამის შემდეგ საქართველო გახდება სრულიად თვითკმარი ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით. ამისათვის არის საჭირო ჰესების აშენება, მათ შორის, დიდი ჰესების აშენება. საჭირო არის ქარის ენერგიის გამოყენება, მზის ენერგიის გამოყენება, ამისათვის გვაქვს კონკრეტული ხედვა, რომელიც აუცილებლად იქნება რეალიზებული. 2036 წლისთვის საქართველო იქნება სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით და საქართველო ასევე გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი, რომელიც აუცილებლად განხორციელდება”, – ამის შესახებ მედიასთან ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, წელს 3 ჰიდროელექტროსადგურისა და 1 ქარის პროექტის მშენებლობა დასრულდა. წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 1 ჰიდროელექტროსადგურისა და 3 მზის პროექტის მშენებლობა, ხოლო მომავალ 2027 წელს 100 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით 12 ელექტროსადგურის პროექტი, ჯამში 70 მგვტ-ზე მეტით შევა ექსპლუატაციაში.