დღეს, 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

პუბლიკა

დღეს, 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის:

  • მარატ კამბოლოვი – ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი, რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირი;
  • ზურაბ კოკოევი – მისი პარტია „ერთობა“ 2008 წლიდან თანამშრომლობს რუსეთის მმართველ პარტია „ერთიან რუსეთთან“. ის თანამშრომლობდა ედუარდ კოკოითთან და ანატოლი ბიბლოვთანკოკოევი ევრაზიული კავშირის მნიშვნელობაზე, რუსეთთან მჭიდრო კავშირებსა და ოსი ხალხის ერთობაზე ხშირად საუბრობს;
  • მურატ ვალიევი – ის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია. დაიბადა 1989 წელს, ცხინვალში. 2008 წელს ჩაირიცხა რუსეთის ФСБ-ის მოსკოვის სასაზღვრო ინსტიტუტში. 2013 წლიდან მუშაობდა სამხრეთ ოსეთის КГБ-ში, ხოლო ამჟამად სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის თანამშრომელია. ვალიევი სერიოზულ ან თუნდაც ალტერნატიულ კანდიდატს არ წარმოადგენს. მეტიც, კანდიდატის დასახელებისას პარტიის სხდომაზე თადეევმა ღიად განაცხადა, რომ ვალიევი „ტექნიკური კანდიდატია“ და მარატ კამბოლოვს მომავალში შეუძლია მას და მის მომხრეებს დაეყრდნოს;
  • ყაზბეკ კოდოევი –  ის ძალოვანი სტრუქტურებიდან წამოსული მორიგი კანდიდატია, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური პოზიცია ან პროგრამა არ გააჩნია. მეორე სატელევიზიო დებატებისას მან ყურადღება რუსული ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობასა და კორუფციასთან ბრძოლას მიაქცია. მიუხედავად ამისა კოდოევი სერიოზულ კანდიდატად არ განიხილება.

ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა პარტია „ირი ფარნ“-ის ლიდერ ხოხ ჩოჩიევს, რომელსაც მხარსირისტონ ნოგ ფალტარ“ პარტიაც უჭერდა. ცესკომ გადაწყვეტილების მოტივად წარდგენილი დოკუმენტებისა და მხარდამჭერთა სიების კანონთან შეუთავსებლობა დაასახელა.

ე.წ. არჩევნებში „ფავორიტად“ მარატ კამბოლოვი მიიჩნევა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელად რუსეთის განკარგულებით დაინიშნა 2026 წლის 16 ივნისს. მის დანიშვნას წინ უძღოდა ყოფილი ე.წ პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მოულოდნელი გადადგომა – მან თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩევლის პოსტი დაიკავა. სწორედ ამის შემდე ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას მარატ კამბოლოვი – რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მკვიდრი და რუსეთში ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მქონე სახელმწიფო მოხელე.

კამბოლოვი „სამხრეთ ოსეთში“ მხოლოდ 2026 წლის მაისში ჩავიდა, როდესაც ის ე.წ. პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა. ერთი თვის შემდეგ გაგლოევმა ის „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე წარადგინა, რასაც პარლამენტმა მალევე დაუჭირა მხარი.

კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პირველი ლიდერია, რომლის პოლიტიკური კარიერაც დანიშვნამდე თითქმის მთლიანად რუსეთთან იყო დაკავშირებული. ის მუშაობდა რუსეთის ფედერალურ უწყებებში, იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი რუსეთის წამყვან ბირთვული ენერგიის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა.

ცხინვალის პოლიტიკისთვის ეს წარსულ პრაქტიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ოკუპირებულ რეგიონში გახსნილია 70 ე.წ საარჩევნო უბანი ცხინვალის, ჯავის, ზნაურისა და ლენინგორის რაიონებში. გარდა ამისა, ოთხი საარჩევნო უბანი გახსნილია ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი კი – მოსკოვში. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 40 000 საარჩევნო ბიულეტენი დაბეჭდა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამთავრობო მედია „რეს“ წერს, რომ „არჩევნებს“ 60-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები ვენესუელიდან, არგენტინიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ადგილობრივი პოლიტიკური წრეების მიმართ მზარდი უკმაყოფილება, იმედგაცრუება შეიმჩნევა. ეს გამოწვეულია კორუფციით, რუსული ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების არაეფექტური ათვისებით.

ე.წ არჩევნებში აქტიურად არის ჩართული რუსეთის მთავრობის კურატორი ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, სერგეი კირიენკო. ოკუპირებული აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის შემთხვევაშიც კირიენკოს მედიასთან გამოჩენა ყოველთვის დადებით ამბებსა და მომავლის პროექტებს უკავშირდება. კამბოლოვთან ერთად კირიენკო ძირითად აქცენტს რუსულ ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურულ თუ სხვა პროექტებზე აკეთებს. სწორედ „წინასაარჩევნო“ პროცესში დაიწყო პროექტი „მომავლის გუნდი“. ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი თავად კირიენკოა და უკვე წლებია, რაც ის რუსეთში ფედერალური მასშტაბით ახალი კადრების შერჩევას ისახავს მიზნად. მსგავსი პროექტი ხორციელდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ამ პროცესის მიზანი ახალი კადრებისა და ახალი სახეების აღმოჩენაა. ის მომავლის პოლიტიკურ ინვესტიციას წარმოადგენს.

თავად კამბოლოვი რეგიონის სოფლებსა და თემებში ვიზიტისას ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღებას აქცევს სოციალურ ფონს, ე.წ. სახელმწიფო თანხების განკარგვასა და სხვადასხვა სამშენებლო პროექტების მიმდინარეობას. ეს, ერთი მხრივ, სამუშაო ვიზიტებია, ხოლო მეორე მხრივ – წინასაარჩევნო შეხვედრები. აქტიურად გამოიყენება ადგილობრივი ბიუჯეტი და მისი სოციალური ხარჯები. ცალკე ყურადღება ეთმობა განათლებასა და ახალგაზრდობას, ჯანდაცვას.

საქართველოს თემატიკა თუ რუსეთთან გაერთიანების საკითხს ამ „არჩევნებზე“ ყურადღება არ ეთმობა. 13 სექტემბერს ადგილობრივებთან შეხვედრისას კამბოლოვმა საქართველოსთან სატრანზიტო მიმოსვლის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ამისთვის „მზად ჯერ არ არის“. მან ეკონომიკურ სარგებელზე მეტად უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით „ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი გარანტიები“.

რაც შეეხება ე.წ. საზღვრის კვეთის რეჟიმს, ამ კუთხით პოზიტიური ცვლილებები მოხდა – 20 აგვისტოს ორი გადასასვლელის მუშაობის გრაფიკი გაფართოვდა შემდეგნაირად: რაზდახანი/მოსაბრუნის (ოძისი) გადასასვლელი – კვირაში 4 დღე: ხუთშაბათი-კვირა, 08:00–18:00; პერევის გადასასვლელი – კვირაში 3 დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი, 08:00–18:00. ასევე ახალგორისა და ჯავის რაიონებში გარკვეული სოფლების მცხოვრებთა ახლო ნათესავებისთვის შესვლისა და დროებით ყოფნის პროცედურაც გამარტივდა.

კამბოლოვის თითქმის გარანტირებული წარმატება პრაქტიკულად სრულად რუსულ მხარდაჭერაზე დგას, თანაც ეს მხარდაჭერა უმაღლესი დონისაა. ახლად დაწინაურებული კამბოლოვი პუტინს 2026 წლის 13 ივლისს კრემლში შეხვდა. რუსული მხარის პოლიტიკური პოზიცია მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით სწორედ ამ შეხვედრაზე დაფიქსირდა. პუტინმა ღიად განაცხადა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ“.

საინტერესოა პროგნოზიც: რუსული კვლევითი ცენტრი თვლის, რომ კამბოლოვის სამი კონკურენტიდან ვერცერთი ვერ შეძლებს იმაზე მეტი ხმის მიღებას, ვიდრე „ყველას წინააღმდეგ“ გრაფა ბიულეტენში.

კამბოლოვის აშკარა უპირატესობაზე საუბრობენ ადგილობრივი წყაროებიც, კერძოდ ცხინვალის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის წარმომადგენელიც.