კიდევ ცოტა გავიჭირვოთ – ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ფეისბუქგვერდზე ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე ისაუბრეს.

შეკითხვაზე, როგირ შეცვლის კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებას? – ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ კორონავირუსმა უკვე ძალიან ბევრი რამ შეცვალა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

„კორონა ბევრ რამეს შეცვლის. ბევრი დისკუსია მიდის ამაზე სხვადასხვა სფეროში. შეცვლის, ასევე, ერთ რამეს – ნიღბის ტარება დაგვჭირდება კარგა ხანს, დიდი თავყრილობების დროს და ამას უნდა შევეჩვიოთ და ეს არ უნდა იყოს აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი, სოციალური ნიღაბი დაერქვა ახლა ამას და სახლშიც შეგიძლიათ, შეკეროთ ასეთი ნიღაბი.

მეორე, რასაც შეცვლის და დღეს მინდა, ამას ხაზი გავუსვა და მადლობა გადავუხადო  იმ 100 000 ადამიანს, ვინც შარშან და წელს გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. ესაა, რაც სახელმწიფომ გააკეთა. აცრა კიდევ 30 000, დაახლოებით, კერძო სექტორმა ჩაატარა. ეს არის კულტურა, რომელიც შემოვიდა და ინერგება ქვეყანაში. რჩევაა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ და ავიცრათ დროულად გრიპის საწინააღმდეგოდ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მან პირდაპირი ეთერის დასრულებისას განაცხადა, რომ  ქვეყანას კოვიდინფექცია აქვს დასამარცხებელი, რისთვისაც მთავარი იარაღი არის სოციალური დისტანცია.

„კოვიდი უნდა დავამარცხოთ და ამის ყველაზე დიდი იარაღი არის დარჩენა სახლში და სოციალური დისტანცია. კიდევ ცოტა გავიჭირვოთ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.