ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონი და განვითარების“ (Law and Development), ხელმძღვანელ ჰაფიზ ჰასანოვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელის აღსრულება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით გადაუვადდა. ეს ნიშნავს, რომ ჰასანოვი დაპატიმრებული არ არის და თუ ამ 3 წლის განმავლობაში პირობებს არ დაარღვევს და ახალ დანაშაულს არ ჩაიდენს, 8-წლიან სასჯელს ფაქტობრივად არ მოიხდის.
განაჩენი 17 სექტემბერს ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლომ გამოაცხადა.
მმართველი ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედია APA-ს ცნობით, ჰასანოვს ასევე ორი წლით აეკრძალა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ისეთი თანამდებობების დაკავება, რომლებიც ფინანსურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა ასევე შეიცვალა და მას ქვეყნის დაუტოვებლობის შესახებ ხელწერილი დააწერინეს.
ჰასანოვს ბრალი ედებოდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მნიშვნელოვანი ოდენობის ქონების ლეგალიზება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა, ასევე ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება.
ბრალდების მხარის განცხადებით, ჰასანოვმა თანხები გაათეთრა მას შემდეგ, რაც აშშ-ში დაფუძნებული გერმანიის მარშლის ფონდისგან 415 000 დოლარზე მეტის გრანტი მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად.
მისი სისხლისსამართლებრივი დევნა განიხილება აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი კამპანიის კონტექსტში.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ჰასანოვი არასამთავრობო სექტორის იმ მრავალ სხვა წარმომადგენელს შეუერთდა, რომელთა სისხლისსამართლებრივი დევნაც ე.წ. „არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის“ ფარგლებში განხორციელდა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე“ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეს აერთიანებს, რომლებიც ბოლო თვეებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების წინააღმდეგ აღიძრა. ბრალდებები ძირითადად უცხოური გრანტების მიღებასა და რეგისტრაციას, ფინანსურ ოპერაციებს, გადასახადებსა და დოკუმენტაციას უკავშირდება. უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ეს ბრალდებები დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მიზნით გამოიყენება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის ანარ მამედლის, აკიფ გურბანოვს, რუსლან იზათლის, ალი ზეინალოვს, რამილ ბაბაევს, ილქინ ამრაჰოვსა და სხვებს, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. 2026 წლის ივლისში რამდენიმე ბრალდებულს 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 7 სექტემბერს არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ ანარ მამედლის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამჟამად დაკავებულთა შორის არიან მოქალაქეთა უფლებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბაშირ სულეიმანლი, არჩევნების მონიტორინგის ალიანსის დირექტორი მამედ ალფაი, განჯის რეგიონული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ასაფ აჰმადოვი და სამოქალაქო აქტივისტი ზამინ ზაკი.
17 ივნისს განჯის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ აჰმადოვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სოციალურ მუშაკ ზამინ ზაკის 11 მარტს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1 ივლისს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი სამი თვით შეუმცირა.
7 სექტემბერს საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულ აჰმად მამადზადეს შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეეცვალა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქმეზე სხვა ბრალდებულების მიმართ, გავრცელებული ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიული ზომები იქნა გამოყენებული.
ყველა ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და მათ აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ.
Human Rights Watch-ის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის, უცხოური დაფინანსებისა და საქმიანობის მარეგულირებელმა მკაცრმა წესებმა დამოუკიდებელ ორგანიზაციებს კანონიერად მუშაობა გაურთულა და, რიგ შემთხვევებში, შექმნა პირობები, როდესაც მათ უკანონო საქმიანობაში შეიძლება დასდებოდათ ბრალი. Amnesty International-მა კი გააკრიტიკა აზერბაიჯანში სამოქალაქო სივრცის „ფაქტობრივი დემონტაჟი“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.