„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ 2022 წელს გამოყოფილი და 2024 წლის მარტში ცალკე პარტიად რეგისტრირებული „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ქსელის ნაწილია. ამის შესახებ ორგანიზაციის კვლევაშია საუბარი.
კვლევის ავტორების ცნობით, „ხალხის ძალის“ 28 შემომწირველიდან 21 „ქართულ ოცნებასაც” აფინანსებდა. 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით „ხალხის ძალას“ 28-მა შემომწირველმა ჯამში 861 750 ლარი შესწირა. მათგან 21 პირმა მანამდე „ქართულ ოცნებას“ 1 969 169 ლარი შესწირა, ხოლო სამი მათგანი დღემდე ორივე პარტიას აფინანსებს.
კვლევის მიხედვით, შემომწირველებს შორის გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებული პირების ჯგუფიც. მათ შორის, მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორები, ასევე ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული სააქციო საზოგადოებების წარმომადგენლები. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ პირებმა „ხალხის ძალას“ 2024-2026 წლებში ჯამში 381 000 ლარი შესწირეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის თანახმად:
არჩილ მამაცაშვილი ივანიშვილთან დაკავშირებული „სააქციო საზოგადოება ატუ ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ის ასევე არის სს დაზღვევის კომპანია „ქართუს” გენერალური დირექტორი. მან „ხალხის ძალას” 2025-2026 წლებში 70 000 ლარი შესწირა, მანამდე კი 55 600 ლარი – „ქართულ ოცნებას”. ასევე სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებულ პირებს, ალა კახნიაურს, კახა კობიაშვილს, ზაზა ვერძეულს, გივი ლებანიძეს, ზურაბ ჩაჩხიანს „ქართული ოცნებისთვის” 1 მილიონი ლარი აქვთ გადარიცხული.
გიორგი დამენია ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარნტიორი შპს „ტორნადო+”-ში: მან „ხალხის ძალას” 2025-2026 წლებში 120,000 ლარი შესწირა, მანამდე კი „ქართულ ოცნებას” – 170,000 ლარი. თავად კომპანიამ 2016-2018 წლებში ივანიშვილის პარტიას 85,000 ლარი შეწირა.
TI-ის თქმით, ივანიშვილის ახლო წრეს უკავშირდება „ხალხის ძალის” მსხვილი შემომწირველი ირაკლი ბექაური, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის 100% საკუთრებაში არსებული შპს Bolero & Company გენერალური დირექტორი. 2026 წელს, „ხალხის ძალისთვის” 60,000 ლარის გადარიცხვამდე ირაკლი ბექაურმა „ქართულ ოცნებას” 327,000 ლარი შესწირა.
კვლევის ავტორების თქმით, ირაკლი ბექაურს და ვახტანგ კარიჭაშვილს უკავშირდება „ხალხის ძალის” კიდევ ერთი შემწირველი ლევან გეწაძე, რომელიც უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორების კომპანიების წარმომადგენლად ხშირად ფიქსირდება საჯარო რეესტრის ამონაწერებში. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, გეწაძის მხრიდან „ხალხის ძალისთვის” შეწირული 13,000 ლარი პირველი პოლიტიკური შემოწირულება. მის მიერ დაფუძნებულ ლაბორატორიას 3,2 მილიონამდე ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებში. ამჟამად კომპანია ამერიკული კომპანიის საკუთრებაშია.
დავით ბალანჩივაძე: სტუდია „მონიტორი” 2016-2017 წლებში ბალანჩივაძის RMG GOLD-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნას უჩა მამაცაშვილის ინტერესებს უკავშირებდა. სწორედ 2016 წელს დაიწყო ბალანჩივაძემ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ პოლიტიკური შემოწირულებები – მას ამ დრომდე ივანიშვილის პარტიისთვის 532,000 ლარი აქვს გადარიცხული, „ხალხის ძალას” კი 2026 წელს 60,000 ლარი გადაურიცხა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, ის სამი ადამიანი, რომლებიც „ხალხის ძალასთან” ერთად „ქართულ ოცნებასაც” აფინანსებენ არიან ალექსანდრე ტუღუში, მამუკა გოგრიჭიანი და გივი გაბუნია. ორგანიზაციის თქმით, სამივემ 2025 წლის 11 დეკემბერს ჯამში 60,000 ლარი გადაურიცხა „ხალხის ძალას”, 2026 წლის 18 თებერვალს კი – ამდენივე „ქართულ ოცნებას”.
გიორგი მესხი: „საქსპეცტრანსის“ ყოფილი დირექტორი (2017-2020) და „ჰიტეკო ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი/დირექტორი, რომელიც ისანში სასტუმროს აშენებს. ისმა შემოწირულებებმა „ხალხის ძალის” სალაროში 2024 წელს 58,000 ლარი შეადგინა – მას 2024 წლამდე პოლიტიკური შემოწირულება არ განუხორციელებია.
კვლევის ავტორების თქმით, თბილისში საცხოვრებელი სახლების მშენებელ კომპანიას უკავშირდება „ხალხის ძალის” კიდევ ერთი შემწირველი, გურამ თეთრაშვილი, რომელიც შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნესჯგუფის” დირექტორია. თეთრაშვილს „ხალხის ძალისთვის” გადარიცხული აქვს 10,000 ლარი, რომელიც პირველი პოლიტიკური შეწირულებაა.