მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე საფრანგეთში დააკავეს. მისი ეს განცხადება უარყო თავად დავით მიქაძის ადვოკატმა.
„როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახანს დააკავეს საფრანგეთში”, – თქვა ტარიელ კაკაბაძემ 21 სექტემბერს.
ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ „ნეტგაზეთთან“ უარყო დავით მიქაძის დაკავების ფაქტი.
„გიდასტურებთ, რომ დავით მიქაძე დაკავებული არაა, ნამდვილად, 100%-ით, არც საფრანგეთში და არც სხვა ქვეყანაში. სრულიად ტყუილია რაც გავრცელდა და რაც ხდება ბოლო 2 წლის განმავლობაში. ზოგადად, იმ ტყუილების გაგრძელებაა, რა ტყუილებითაც უვადო განაჩენია გამოტანილი დავით მიქაძის მიმართ“, – უთხრა მან „ნეტგაზეთს“.
2026 წლის მაისში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გიორგი მიქაძე პატიმრობაში იმყოფებოდა, დავით მიქაძესა და გიორგი ჯოხაძეზე ძებნა გამოცხადდა.
პროკურატურის ვერსიით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოება ჰქონდათ და ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.
უწყების ვერსიით, ფარცხალაძესთან შეთანხმების შესაბამისად, ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გააცნეს ჯანგველაძის მკვლელობის გეგმა, შემდეგ კი ერთად დაიწყეს შემსრულებლის მოძიება.
ამავე საქმეზე უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი გელა უძილაურს, რომელიც მსჯავრდადებულია ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის ბრალდებაში და 8 წელი აქვს მისჯილი სანდრო წივწივაძეს, რომელსაც ბრალად ედებოდა იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება.
ამ საქმეში ფიგურირებენ გიორგი კაჭკაჭიშვილი და სანდრო წივწივაძე. პროკურატურის ვერსიით, კაჭკაჭიშვილმა და ჯოხაძემ შეიძინეს სანდრო წივწივაძისგან იარაღი, რომლითაც გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძეს ესროლა.
ლევან ჯანგველაძე თბილისში 2025 წლის 14 მარტს მოკლეს.