პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლით წარუდგინა, დავით ფეიქრიშვილს — ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის მუხლით
პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მუხლით წარუდგინა, დავით ფეიქრიშვილს — ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის მუხლით.
კერძოდ, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
გიორგი ფეიქრიშვილი პოლიციამ 22 სექტემბერს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მის ძმას, დავით ფეიქრიშვილს, რომელიც ასევე დააკავა პოლიციამ – პროკურატურა მას ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.
კერძოდ, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
პროკურატურა ამბობს, რომ აღნიშნული ქმედებით დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოითხოვს.