სააგენტოს განცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პირველად 2018 წელს, მეორედ კი 2023 წელს მოამზადა დსკვნა. დოკუმენტის მიხედვით, N61 ბაღის შენობის ექსპლუატაცია შესაძლებელი იყო, თუმცა უნდა გაგრძელებულიყო დაკვირვება და ამ მიზნით შიდა სივრცეებში გაიკრა თაბაშირის ყალაურები.
სააგენტო წერს:
„30 სექტემბერს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის გარკვეულ ადგილებზე ბზარები გაზრდილია, რის შემდეგაც სააგენტომ მყისიერად მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საკითხის შესწავლის მოთხოვნით, თუმცა რამდენადაც ექსპერტიზა ხანგრძლივ სამუშაოს მოიცავს, სააგენტომ პარალელურად მოიწვია თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შენობის მდგომარეობა.
ლაბორატორიის ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერდება შენობის ერთი ფლიგელის ექსპლუატაცია, დარჩენილ ნაწილში კი ორშაბათიდან გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი. ამავდროულად, დაიგეგმება და განხორციელდება ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო.
პარალელურად, სააგენტო დაელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაკვნას, რომელსაც დაეფუძნება სააგენტოს შემდგომი რეაგირება“.
დღეს 61-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა თქვეს, რომ გუშინ სააღმზრდელო დღის დასრულების შემდეგ აცნობეს, რომ ბაღი დასანგრევია და ბავშვები სხვა ბაღებში უნდა გადანაწილდნენ. შენობის დანგრევის გადაწყვეტილება მშობლებმა გააპროტესტეს.
დღეს ბაღის დირექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ შეხვედრაზე დირექტორმა მშობლებს უთხრა, რომ ბაღს აღარ დაანგრევენ და ორშაბათს გადაწყდება, როგორ გააგრძელებს სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებას.