ALDE: დაუწესდეთ სანქციები იმათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე საქართველოში

პუბლიკა

ALDE-ის პარტიის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა სვენია ჰანმა და ევროპის ლიბერალური ფორუმის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა იან-კრისტოფ ოიტენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და ევროკომისიის გაფართოების საკითხებში კომისარს, მარტა კოსს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შესახებ მიმართეს.

წერილი ALDE-მ Facebook-ზე გამოაქვეყნა და დაწერა:

„საკმარისია!

„ქართული ოცნების“ რეჟიმი დამოუკიდებელ ხმებს ავიწროებს და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს.

ქვეყანაში 20 წელზე მეტი ხნის საქმიანობის შემდეგ, თავისუფლებისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი იძულებული გახდა, თბილისში ოფისი დაეხურა, რადგან დამოუკიდებლად საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემატურ შერყევაზე.

აღარ შეიძლება თვალის დახუჭვა“.

უშუალოდ წერილში, რომელიც 2 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერილის ავტორები განსაკუთრებულიი ყურადღება გაამახვილეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ თბილისში ოფისის დახურვაზე, რომელიც საქართველოში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქმიანობდა.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში საქმიანობის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ფონდის საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა.

„ხელისუფლებამ ცხადყო, რომ ნაუმანის ფონდის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დაშვებული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებს დაემთხვეოდა. ამ პირობებში ფონდმა დაასკვნა, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდის მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, – ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორების შეფასებით, ნაუმანნის ფონდის საქმიანობის შეწყვეტა „დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და დემონსტრანტებზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ ხმებზე ზეწოლის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია“.

წერილში ხაზგასმულია, რომ ფონდმა საქართველოში 2002 წლიდან საქმიანობს და მხარს უჭერს პოლიტიკურ განათლებას, დემოკრატიულ მონაწილეობას, კანონის უზენაესობას, ევროპულ ინტეგრაციასა და ღია სამოქალაქო საზოგადოებას.

ALDE-ის პრეზიდენტი და ევროპის ლიბერალური ფორუმის პრეზიდენტი აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებზე, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი ევროკავშირის ერთგულების სანდოობაზეც.

„ეს მოვლენები ცხადყოფს, რამდენად შორდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს და შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს“, – წერენ ისინი.

წერილის ავტორები ევროკავშირს მოუწოდებენ, „მიზანმიმართული სანქციები“ დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემატურ შერყევაზე.

„ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერების როლი გადამწყვეტია, რათა თავიდან იქნას აცილებული ვითარების შემდგომი გაუარესება და მკაფიოდ გამოჩნდეს, რომ ასეთ ქმედებებს შედეგები მოჰყვება“, – ნათქვამია წერილში.

1 ოქტომბრიდან საქართველოში, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო საქმიანობა შეწყვიტა 4-მა გერმანულმა ფონდმა: ფრიდხი ნაუმანის, კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ებერტის და ჰეინრიხ ბიოლის ფონდებმა.