პენიტენციურის თქმით, გიორგი დავითაძემ ციხეში გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ ციხეში ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

უწყება ამბობს, რომ დავითაძე კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, რის გამო მის 24-საათიან მეთვალყურეობას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი.

„2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები”, – წერია განცხადებაში.


2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი დავითაძემ რუსთავის N6 ციხის ბადრაგები გაუპატიურებაში დაადანაშაულა. კერძოდ, „ TV პირველმა“ სააპელაციო სასამართლოდან გაავრცელა პატიმარ გიორგი დავითაძის აუდიოჩანაწერი, რომელშიც მან თქვა, რომ ის „ბადრაგმა გააუპატიურა“ მას შემდეგ, რაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. დავითაძემ ასევე თქვა, რომ ბადრაგები ამ დროს აყენებდნენ მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები ხმის გარეშე. ვიდეო 4.5-წუთიანია. უწყებამ სიცრუე უწოდა დავითაძის განცხადებას და მის მიერ გაუპატიურების აღწერისას ნათქვამს.

პენიტენციური ირწმუნება, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება-დათვალიერებას, რაზეც „მსჯავრდებულმა დავითაძემ კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“. სწორედ ამიტომ, „დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.