ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ესპანეთში 29 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
არჩევნების დანიშვნის მიზეზი მემარჯვენე პარტიების მიერ საბინაო კრიზისის დასაძლევად შემუშავებული საგანგებო კანონმდებლობის ჩაგდება გახდა.
სანჩესის მთავრობას, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, კანონპროექტების მიღება ქვეყანაში საცხოვრებლის კრიზისით გამოწვეული მზარდი საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე სურდა.
სანჩესმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, რიგგარეშე არჩვენების დანიშვნის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 5 ოქტომბრის დილას სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
ესპანეთის პრემიერმა თქვა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს, კვირას გაიმართება. სანჩესმა დაიცვა მისი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, აღიარა შეცდომების დაშვებაც და თქვა, რომ ახლა დროა, ესპანელმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვას.
„ახლა არჩევანი თქვენზეა. ერთი შეხედვითაც კი ცხადია, რომ მსოფლიო ტრანსფორმაციისა და გარდაქმნის ძალიან რთულ ეპოქაში იმყოფება“, – თქვა სანჩესმა.
მან კვლავ გაიმეორა მისი ხელისუფლების პოზიცია, რომ ხალხმა არჩევანი მის პროგრესულ მთავრობასა და ესპანეთის მემარჯვენე ძალებს შორის უნდა გააკეთოს, რომლებიც „თავისუფლებებს შეზღუდავენ და ქვეყანას წარსულში აბრუნებენ“.
მთავრობის გეგმა საბინაო კრიზისის მოსაგვარებლად ორ დეკრეტში იყო გაწერილი. დოკუმენტები საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ზომას ითვალისწინებდა, მათ შორის გამოსახლების 2030 წლამდე აკრძალვას, მოკლევადიანი გაქირავებისა და ოთახების ცალკე გაქირავების რეგულირებას.
თუმცა, პარასკევს კონგრესმა ეს დეკრეტები ჩააგდო. მათ წინააღმდეგ ხმა მისცეს კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ (PP), ულტრამემარჯვენე პარტია Vox-მა და კატალონიის მემარჯვენე, დამოუკიდებლობის მომხრე პარტია Junts-მა.
საპარლამენტო არჩევნებში ამჟამად კონსერვატიული სახალხო პარტია ლიდერობს, თუმცა მას მთავრობის ჩამოსაყალიბებლად შესაძლოა Vox-ის მხარდაჭერა დასჭირდეს. PP-მ განაცხადა, რომ მთავრობის გეგმებს სწორედ იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ მიიჩნევს, კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზა რეგულაციების გამკაცრების ნაცვლად მშენებლობის გაზრდაა.
დეკრეტების ჩაგდებას კონგრესის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი სკანდირებდნენ: „სირცხვილი“; „თქვენი მოგება, ჩვენი უბედურებაა“.
ქირის მაღალი ფასებისა და საცხოვრებლის იჯარის არასტაბილური პირობების გამო დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი უკმაყოფილება გასული თვის ბოლოს განსაკუთრებით გამწვავდა. მიზეზი 87 წლის მარი კარმენ აბასკალის გამოსახლება გახდა – ქალი მადრიდში იმ სახლიდან გამოასახლეს, სადაც 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
აბასკალის თქმით, მას არ შეუძლია იმ 230%-ით გაზრდილი ქირის გადახდა, რომელსაც ბინის შესყიდვის შემდეგ საინვესტიციო ფონდი მისგან მოითხოვს.
ამ შემთხვევას ესპანეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა – დემონსტრაციებში მონაწილეთა რაოდენობამ 500 ათასს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები მუდმივად აჩვენებს, რომ PP სანჩესის ესპანეთის სოციალისტურ მუშათა პარტიას (PSOE) მნიშვნელოვნად უსწრებს და Vox-ის მხარდაჭერაც იზრდება, პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საბინაო საკითხზე ყურადღების გამახვილება და მემარჯვენეების მიერ მთავრობის გეგმების უარყოფა მემარცხენე ამომრჩევლებს მობილიზებას გამოიწვევს.