სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა

პუბლიკა

განათლების სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილება დაეფუძნა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) შეფასების შედეგებს.“

„შეფასების ფარგლებში ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა სიღრმისეულად შეისწავლეს 2024-2025 წლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა მიზანი საქართველოში არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ცენტრის საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა იყო.

ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასებითა და EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG 2015).

ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისადმი საერთაშორისო დონეზე სანდოობისა და რეპუტაციის ამაღლებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2024 წლის 20 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ოფიციალურად შეუჩერდა EQAR-ის რეგისტრაცია.

დარგის სპეციალისტების განმარტებით, მიზეზი ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა იყო.

შეფასებაში, რომელიც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა, აღნიშნული იყო, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არაა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

ENQA-ს ექსპერტების დასკვნის მიღების შემდგომ, ცენტრმა რეგისტრაციის განახლების მიზნით მიმართა EQAR-ს. გავრცლებულ განცხადებაში ცენტრი განმარტავდა, რომ ცენტრისთვის, წინასწარი, არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე.

ცენტრში განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილი იყო და იმედოვნებდნენ რომ EQAR-ის გადაწყვეტილება დროებითი იყო.